უკრაინული მედია მარგველაშვილ-პოროშენკოს შეხვედრის დეტალებს ახმაურებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაიდნის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით, კიევში “ღირსების მარშის” გამო, პოროშენკოსთან თავისი აღფრთოვანება გამოხატა. მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბედნიერია უკრაინის ერთიანობის ხილვით. ამის შესახებ „unian.net“-ი პოროშენკოს პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით იტყობინება. “ჩვენ ბედნიერი ვართ იმის ხილვით, თუ რამდენად არის უკრაინა გაერთიანებული. არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ყველა მისი მეგობარი გაერთიანებულია – იმ ღირებულებების დასაცავად, რომლისთვისაც თქვენ ასე მყარად დგახართ. ყველა ქართველი დღეს უკრაინასთან ერთადაა“, – განაცხადა მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას. პოროშენკომ მარგველაშვილს მისი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს კიევში თქვენი ხილვით ძალზე მოხარული ვართ. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში რევოლუციის აღსანიშნავ ღირსების ზეიმზე კიევში ძალზე ბევრი ქართული დროშაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკომ აღნიშნა, რომ ღირსების მარშმა უკრაინელი ხალხის და ევროპული ქვეყნების ლიდერების ტერორიზმთან ბრძოლისადმი მისწრაფების ერთობის დემონსტრირება მოახდინა. „ღირსების მარშმა, ისევე როგორც პარიზში, დემონსტრირება მოახდინა, რომ ჩვენ არ გვეშინია“, – აღნიშნა პოროშენკომ.
მისივე სიტყვებით, ხარკოვში დღევანდელი ტერაქტი „ეს ქვეყანაში პანიკის დათესვის მცდელობაა“. „ისინი ცდილობენ ისე მოიქცნენ, რომ ჩვენ გვეშინოდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა ხარკოვში დაღუპულების და დაშავებულების გამო თავისი თანაგრძნობა გამოხატა. პოროშენკომ და მარგველაშვილმა ასევე სახელმწიფოთაშორის გაერთიანება „სუამში“ თავიანთი ქვეყნების თანამშრომლობის, შავი ზღვის პარტნიორობის და აღმოსავლური პარტნიორობის საკითხებზე ისაუბრეს. უკრაინის მოვლენებზე საუბრის კონტექსტში პრეზიდენტებმა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ყირიმის რეინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს – აღნიშნავს პოროშენკოს პრეს-სამსახური.

წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები