გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია, პეტრო პოროშენკომ კი მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს და ქართულ დელეგაციას „ღირსების მარშში“ მონაწილეობისთვის. ამის შესახებ “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ლიდერებმა დღეს ხარკოვში მომხდარ აფეთქებაზეც ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს საზარელი შემთხვევის გამო მიუსამძიმრა. აღინიშნა დღევანდელი ღონისძიების-„ღირსების მარშის“ მნიშვნელობა.
„ბედნიერები ვართ, იმის ხილვით, თუ როგორი ერთიანი იყო დღეს უკრაინა; და არა მხოლოდ უკრაინა, არამედ უკრაინის ყველა მეგობარი გაერთიანდა იმ ღირებულებებისათვის, რომელთაც თქვენ ასე მტკიცედ იცავთ. ეს იყო შთამბეჭდავი დღე, არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ, მე მჯერა, ყველასათვის, ვინც მონაწილეობდა „ღირსების მარშში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი აფასებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო დელეგაციის მონაწილეობა დღეს კიევში გამართულ ღონისძიებებში.
შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს სახელმწიფოთა თანადგომის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო უკრაინა-საქართველოს საერთო ინტერესებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზებზე, ასევე რიგის სამიტის საერთო პერსპექტივებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები