გიორგი კვირიკაშვილი: “ქამრების შემოჭერა” პირველი ადეკვატური ნაბიჯია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს, – აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
“ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, პირველად მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12 პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა და ეკონომიკური გუნდი გეგმავს, ხელშესახებ შედეგს მოიტანს. “ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა გვაქვს, რაც მოიტანს ხელშესახებ შედეგს. არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილი. პირველ რიგში ეს არის პრივატიზაციის გააქტიურება. რაც ყველაზე მოკლევადიანი შედეგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.