დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებულ შეცდომებზე ალაპარაკდა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის შედგენის დროს თავიდან ბევრი ხარვეზი იყო დაშვებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რითაც აჭარაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სიის შედგენის თავდაპირველი შეცდომა იმაშიც გამოიხატება, რომ ადამიანთა ნაწილი, ვინც პარლამენტში “ოცნების” პრინციპებით შევიდნენ, დღეს კოალიციის პირველი მოწინააღმდეგეები არიან.
“აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების მიზეზი არის ის, რომ გარკვეული პირები შერჩეულნი და რეკომენდირებულნი იყვნენ იმ პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც დღეს აღარ არიან პარლამენტის უმრავლესობაში. შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი პირადი ურთიერთობები, გავლენები, პირადი დამოკიდებულება გადაიტანონ საბჭოს მუშაობაში.
ბევრი ცდილობს, რომ იქ მართოს პროცესები, თუმცა კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. საპარლამენტო სიის შედგენის დროს იყო თავიდან ბევრი ხარვეზი დაშვებული, რაც გამოჩნდა კიდეც. ის ადამიანები, ვინც “ოცნების” პრინციპით შევიდნენ პარლამენტში დღეს “ოცნების” პირველი მოწინააღმდეგეები არიან. შესაბამისად, ამან არა მარტო პარლამენტში, არამედ რეგიონებშიც ჰპოვა ასახვა”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები