დავით საგანელიძე: აჭარაში უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას

აჭარაში უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ კოალიციამ “ქართული ოცნების”‘ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.
“მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს პარტიების ხაზით. უნდა ვნახოთ ჩვენი პარტიების წარმომადგენლები როგორ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ ვცდილობთ მართვა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული და ისევე როგორც პარლამენტის, უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა ეს არ უნდა სცილდებოდეს იმ პრინციპებს, რაც არის ზოგადად პარტიაში. ამიტომ სიმკაცრე იქნება პარტიაში და სიმკაცრე იქნება დისციპლინური”, – განაცხადა საგანელიძემ.
უმრავლესობის ლიდერი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა. “ვერ ვხედავ დიდ პრობლემას იმაში, რომ “ქართული ოცნება”‘ უმრავლესობაში არ არის აჭარაში. მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირად არ წავალთ. შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. შევხედავთ, რა იყო მიზეზი, რომ იქ ასეთი დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წევრებს შორის”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები