ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ეროვნულ ბანკთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს
მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად კოორდინირებულად ეროვნულ ბანკთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის გაუფასურებით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები, რომელიც სიტუაციის “ძალიან სწრაფად გამოსწორებას” ემსახურება.
“რეგიონში ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. მოგეხსენებათ, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინაში. რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ზოგადად ევროპაში არის კრიზისი. საქართველო, თავისი პატარა ეკონომიკით არის დაკავშირებული ამ გლობალურ ეკონომიკასთან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენზე ნეგატიურად აისახება. ვერ ვიქნებით გამონაკლისი და წარმატებული ამ მძიმე ვითარებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელთა ყველა კომპონენტი ემსახურება იმას, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად გამოსწორდეს. იგივე ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ გვაქვს საინტერესო წინადადებები მომზადებული, რომლებსაც მალე გავაჟღერებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.