„ლევან მამალაძე წინა ხელისუფლების ელიტარულ ჯგუფებთან დაპირისპირებას შეეწირა“

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის საქმეში პოლიტიკურ კვალზე საუბრობს და საქართველოს პრეზიდენტს მის შეწყალებას სთხოვს,- აღნიშნულ საკითხზე ადვოკატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი თქმით, ლევან მამალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტარულ ჯგუფებთან დაპირისპირებას შეეწირა. ადვოკატმა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით უკვე მიმართა, განცხადებას კი თან 134 გვერდიანი დოკუმენტაცია და საქმის შესახებ ინფორმაცია დაურთო. წარდგენილი დოკუმენტები კი კობაიძის თქმით,მამალაძის უდანაშაულობას ამტკიცებს.
„იმედი მაქვს, პრეზიდენტი კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, შეიწყალებს ლევან მამალაძეს. იმის გამო, რომ ის დაპირისპირებაში იმყოფებოდა წინა ხელისუფლების ელიტარულ ჯგუფთან, მას ბრალდება შეუთითხნეს და 12 წელია საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ ეძლევა. მის საქმეში აშკარად იკვეთება პოლიტიკური კვალი. საქმის მოწმეები დღეს სრულ სიმართლეს ყვებიან და იხსენებენ, თუ რა ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს მამალაძის წინააღმდეგ ჩვენება. მე პრეზიდენტს განცხადებასთან ერთად, მისი უდანაშაულობის შესახებ 134 გვერდიანი მასალები და მტკიცებულებები წარვუდგინე“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გუშინ შეიტანა. ლევან მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 2004 წლის მარტში დაიწყო და ორი წელი გრძელდებოდა. 2006 წელს განაჩენის გამოტანამდე მამალაძემ საქართველო დატოვა. მას ბრალად ქრთამის აღება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ედება. სასამართლომ ლევან მამალაძეს დაუსწრებლად 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები