ირაკლი ღარიბაშვილი: აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება

აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დეპუტატებმა მოღალატეობრივად დატოვეს „ქართული ოცნება“, თუმცა მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
“რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ის, რომ ორმა, სამმა ასე ვთქვათ დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს. “ნაციონალური მოძრაობის” 8 ხმას კი “ქართული ოცნების” წევრების – ჯემალ ფუტკარაძის, სვეტლანა კუდბასა და უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ გასული მედეა ვასაძის ხმები დაემატა.
მანამდე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი გადააყანეს. მისი გადაყენების საკითხს ასევე 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები