„Радио КоммерсантЪ FM“: ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევა კიევში მხოლოდ კოსმეტიკურ შედეგს გამოიღებს

უკრაინის მთავრობაში თანამდებობებზე დანიშნული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა მატულობს. შეუძლიათ თუ არა ამ ადამიანებს უკრაინისათვის დახმარების გაწევა, ან რა სიგნალს იძლევა მათი დანიშვნა კიევში, ამის შესახებ ჟურნალისტი ვიქტორ ლოშაკი რადიომსმენელებს თავის აზრს უზიარებს:
„თუ გახსოვთ, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობამ თავის პიკს ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს მიაღწია. ორი პრეზიდენტი ყოფილი მეტროპოლიისაგან რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორების სურვილმა გააერთიანა, თავისი როლი შეასრულა სამხრეთ ოსეთის მოვლენებმაც. მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო პირად მეგობრობასაც არ მალავდნენ: ცხინვალის ამბების შემდეგ მიხეილის ოჯახი ვიქტორმა თავის ყირიმულ რეზიდენციაში მიიწვია. თუმცა ამჟამინდელ უკრაინულ-ქართულ რომანს წინანდელი ურთიერთობის მეორე სერიას მაინც ვერ ვუწოდებთ: ახლა კიევი საქართველოს ხელისუფლებასთან კი არ მეგობრობს, არამედ – ქვეყნიდან გაქცეულ პოლიტიკოსებთან. უფრო მეტიც – ამ დღეებში თბილისმა კიევის ელჩს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუ რატომ დაინიშნა გაქცეული ქართველი ექს-პრეზიდენტი უკრაინის მეთაურის მრჩევლად და რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ. თბილის-კიევის ურთიერთობის ტემპერატურა განუხრელად დაბლა იწევს და მას „გამყინვარება” ემუქრება, თუ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს რომელიმე თანამდებობაზე დანიშნავს. იგი ხომ ოდიოზური პიროვნებაა და ინტერპოლის მიერ მასზე ძებნაა გამოცხადებული.
უკრაინაში ქართველი ჩინოვნიკების დანიშვნას არაერთგვაროვნად უყურებენ. ზოგიერთები ამ ნაბიჯს სწორად მიიჩნევენ, ზოგიერთი კი უკმაყოფილოა: რა, ჩვენთან ნორმალური პროფესიონალების დეფიციტია?
ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ის, რომ გავიგოთ, თუ რა სიგნალს აძლევს ქვეყანას და მსოფლიოს პეტრო პოროშენკოს მიერ განხორციელებული არატრივიალური საკადრო სვლები. რა არის ეს, ანტირუსული სულისკვეთებით გაერთიანებულ პოლიტიკოსთა ჯგუფის წინ წამოწევა? აშშ-სთვის სიმპათიური ადამიანების და ვაშინგტონთან მოლაპარაკების უნარის მქონე პირების, უპირველესად კი მიხეილ სააკაშვილის წარმოჩენა? უკრაინელ ჩინოვნიკებთან დისტანცირება და მათდამი უნდობლობის გამოხატულება?
აშკარაა ისიც, რომ პეტრო პოროშენკოს თავისი ნდობის კრედიტის განმტკიცებაც სურს შიდაუკრაინულ ფრონტზე. ეს ფრონტი კორუფციასთან ბრძოლაშია, ჯერჯერობით დაბალი დონის კორუფციასთან. ეს სწორედ ისაა, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ ნამდვილად გამარჯვებას მიაღწია. ქართველი „ვარიაგების” დიდი ნაწილი სწორედ ანტიკორუფციულ ვერტიკალში იკვეთება: დავით საყვარელიძე გენპროკურატურაში ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს, გია გეწაძე – იუსტიციის სამინისტროში, ეკა ზღულაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროში. აი, ერთ-ერთი ქართველი სპეციალისტის აზრი იმის თაობაზე, თუ რომელ ფრონტზე იბრძვიან ისინი: „უკრაინელი ჩინოვნიკების მენტალიტეტში მხოლოდ ორი ფუნქციაა ჩადებული: აღურიცხავი თანხის ჯიბეში ჩადება და უფროსობისადმი ლაქუცი. კლიენტთა მომსახურება და მოთხოვნების დაკმაყოფილება მათ საერთოდ არ გაუგონიათ”.
ამ კვირაში უკრაინელებმა ქართული გამოცდილება ყოველგვარი ცვლილების გარეშე გადაიღეს: ავტოინსპექცია გააუქმეს, მის ნაცვლად კი საპატრულო სამსახურს ქმნიან უფრო ფართო ფუნქციებით. საქართველოს მსგავსად, პატრულთა შრომის ანაზღაურებაც მაღალი იქნება, ასაკიც ახალგაზრდულია – 20-35 წლის, მაგრამ მილიციაში მუშაობის გამოცდილების გარეშე. რა ბედი ელოდებათ მათ, ვინც ავტოინსპექციაში მუშაობდა და გაათავისუფლეს, ჯერ უცნობია. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილს სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანების ბედი არასდროს აღელვებდა.
არის რამდენიმე საბაზო მიზეზი, რომლის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევა კიევში მხოლოდ კოსმეტიკურ შედეგს გამოიღებს: უკრაინაში, ისევე როგორც რუსეთში, ხელშეუხებელთა კასტა ძალიან მრავალრიცხოვანია და როგორც კი კორუფციასთან ბრძოლა მაღალი ეშელონებისაკენ იქნება მიმართული, კოლაფსი გარდაუვალი იქნება. უკრაინაში იზრდება „დაუმორჩილებელ კანონიერ რევოლუციონერთა” რიგები და მათთან ბრძოლა მესამე „მაიდნის” გამოწვევი ტოლფასი იქნება. და ბოლოს, ყველაზე მთავარი: საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისა და ხალხის შეცვლას ცდილობდა, უკრაინაში კი ხალხს როგორც შეუძლია, ისე ცვლის ხელისუფლებას.

წყარო: http://reportiori.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები