რაში ამხელს სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალებს” – მათ ამ ფაქტით რუსეთის წისქვილზე დაასხეს წყალი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია “საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ 2005 წელს ხელმოწერილი ტექსტიდან გუდაუთის ბაზის ამოღების თემაზე “კვირასთან“ ვრცელ კომენტარს აკეთებს. ხელმოწერილი ტექსტიდან გუდაუთის ბაზის საკითხის ამოღება რუსეთის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი იყო, – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების
გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების გუდაუთის ბაზაზე ყოფნა რუსების ინტერესებში არ შედიოდა. სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ბაზების გაყვანის შეთანხმების თაობაზე მის მიერ 2005 წელს ხელმოწერილ ტექსტში ცალკე აბზაცი ეთმობოდა გუდაუთის საკითხს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქართული მხარის მიერ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამომავლოდ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდოდნენ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, ეს იყო პრინციპული ხასიათის დოკუმენტი, რომელშიც რაიმე შინაარსობრივი სახის ცვლილების შეტანა არ შეიძლებოდა. თუმცა, აღნიშნულ თემაზევე მოგვიანებით, 2006 წლის დასაწყისში ხელი მოეწერა კიდევ ერთ, ტექნიკური შინაარსის ტექსტს. აღნიშნულს ხელი საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი  მინისტრის მოადგილემ, მამუკა კუდავამ მოაწერა.სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ აღნიშნული დოკუმენტიდან “გაქრა“ გუდაუთის შესახებ აბზაცი. მაშინ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს აღარ იკავებდა. ზურაბიშვილის თქმით, მან მაშინაც მოითხოვა სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განმარტების გაკეთება აღნიშნული ცვლილების გამო, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვერ ასახელებს, კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნის ჩარევით, ან რა მიზნით შეიძლება ამოეღოთ გუდაუთის საკითხი ტექსტიდან, თუმცა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მაშინ რუსეთის წისქვილს დაასხეს წყალი.11005566_346298668909656_1862520569_n
“როცა გუდაუთის თაობაზე ამოიღეს პუნქტი დოკუმენტიდან, მე საგარეო საქმეთა მინისტრი აღარ ვიყავი. მანამდე მე ხელი მოვაწერე პრინციპული სახის დოკუმენტს ჩვენი ტერიტორიებიდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე, დარჩენილი იყო ტექნიკური სახის დოკუმენტის გაფორმება, რომელსაც ტექნიკური და ფინანსური ასპექტები უნდა განესაზღვრა, მასში რაიმე შინაარსობრივი ცვლილების შეტანა დაუშვებელი იყო. თუმცა მოხდა ისე, რომ ტექნიკური ხასიათის დოკუმენტიდან ამოღებული იქნა გუდაუთის თაობაზე ჩადებული პუნქტი. ეს იყო რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებული ცვლილება. სწორედ რუსეთს არ აძლევდა ხელს გუდაუთაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ყოფნა“,-განუცხადა “კვირას“ სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ეუთოს მისიის ყოფნა გუდაუთაში, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც მომავალში საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ იქნებოდა გამოყენებული. “გუდაუთის ბაზაზე ეუთოს მისიის ყოფნას ექნებოდა პრინციპული მნიშვნელობა. ეს იქნებოდა ხაზგასმა იმისა, რომ გუდაუთის ბაზა, ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების მსგავსად, საქართველოს კუთვნილება იყო. ეს იქნებოდა ბერკეტი, რომლის გამოყენება ერთ მშვენიერ დღეს გამოგვადგებოდა“, – განუცხადა “კვირას“ სალომე ზურაბიშვილმა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელშეკრულებიდან გუდაუთის ბაზის თაობაზე პუნქტი რუსეთის შესაძლო გაღიზიანების გამოსარიცხად ამოიღო. “რუსეთი მაშინ ასრულებდა 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს და მითითებული ვადების თანახმად გაჰყავდა ტექნიკა ჩვენი ბაზებიდან. არ მგონია, რომ მაშინ რაიმე სახის კომპრომისზე მოუწია საქართველოს ხელისუფლებას წასვლა და ამიტომ გახდა იძულებული, გუდაუთის საკითხი ამოეღო ტექსტიდან“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: 2008 წლის 20 აპრილს, ადგილობრივი დროით, 09:53.31 საათზე რუსულმა გამანადგურებელმა MIG 29 “Fulcrum”-მა საქართველოს ტერიტორიაზე გაანადგურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუიარაღებელი უპილოტო რეკოგნოსცირების თვითმფრინავი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სტანდარტის რადარის ინფორმაციის შესაბამისად, რუსული თვითმფრინავი აფრინდა გუდაუთის არალეგალურად დაკავებული აეროდრომიდან 09:48 საათზე, აგრესიის აქტის განხორციელების შემდეგ გაბრუნდა ჩრდილოეთის მიმართულებით და 10:06 საათზე შევიდა რუსეთის საჰაერო სივრცეში. ქართულმა მხარემ მაშინ მკაცრად დაგმო ფაქტი და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკანასკნელ დროს გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ არის მიმართული საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ანექსიისკენ. საგარეო უწყებამ გაავრცელა თავდასხმის ამსახველი მაღალი ხარისხის ვიდეოჩანაწერი, სადაც ფიქსირდება, რომ თვითმფრინავი რუსეთის კუთვნილებას წარმოადგენდა. „გუდაუთის აეროდრომზე გამანადგურებლის არსებობა წარმოადგენს ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ვალდებულებების პირდაპირ დარღვევას, რომელიც ავალდებულებს რუსეთს გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვასა და პერსონალის გაყვანას. გარდა ამისა, წინააღმდეგობაში მოდის რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან ზემოაღნიშნული ბაზის დახურვის, პერსონალის გაწვევისა და ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ“,-აღნიშნავდნენ საგარეო უწყებაში.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები