ვიქტორ დოლიძე პროტესტის ნიშნად ვენაში ოფიციალურ ვიზიტს წყვეტს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ვენაში ოფიციალურ ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.
როგორც „კვირა“-ს ევროინტეგრაციის კომიტეტის აპარატიდან აცნობეს, ვიქტორ დოლიძე ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებოდა. თუმცა მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტოს. რა არის ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილებისა და პროტესტის მიზეზი, ამის თაობაზე მის აპარატში ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ვიქტორ დოლიძე საქართველოში გამთენიისას დაბრუნდება და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მათი ინფორმაციით, დოლიძე წესით ვენის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით ხორვატიასა და ბულგარეთში უნდა წასულიყო და ეს ვიზიტებიც ჩაშალა.
შესაძლოა, დოლიძის პროტესტი მისი თანაგუნდელის ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადაყენებას უკავშირდებოდეს. აბაშიძე ამ თანამდებობაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ ჩაანაცვლა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ ზურაბ აბაშიძესაც დაუკავშირდა. თუმცა, მისი თქმით, ის თანაგუნდელის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები