ზაზა პაპუაშვილი: დაიღუპეთ უკრაინაში გმირულად, უკრაინელი ხალხიც გაღიარებთ და საქართველო დაისვენებს
დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, უკრაინაში საბრძოლველად წავიდნენ. „რატომ ინიშნებით უკრაინაში თანამდებობებზე?! – წადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ უმცირესობის კრიტიკა სპეკულაციაა.
“რუსეთს მთელი მსოფლიო ვერ აჩერებს. საოცარი კატაკლიზმები ხდება. ეს უბედურება ვერანაირად ვერ ჩერდება. ზესახელმწიფოები, რომელთაც ჩვენზე მეტი ფული და შეიარაღება აქვთ, რატომ არ ერთვებიან ამ ბრძოლაში?! სად ერეკებით საქართველოს, რა უნდა გავაკეთოთ?! დღენახევრის წინ ომდამთავრებულმა ხალხმა რა უნდა ვილაპარაკოთ?! მე რა გამაჩნია, რით უნდა დავეხმარო?! – ჩვენი მთავარი ვალია, ქვეყანა, სახელმწიფო არ ჩამოიშალოს და რამენაირად გადავრჩეთ. ძალიან პლასტიკური უნდა იყოს ჩვენი დიპლომატია – ახლა ყველაფერი დიპლომატიაზე დგას და არა იარაღის ჟღარუნზე”, – განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.