დეპუტატს, რომლის ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სასწრაფოს დახმარება დასჭირდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, სადაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ბაციკაძისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უნდა განხილულიყო, უმრავლესობის დეპუტატს სვეტლანა არშბას არტერიული წნევა აეწია და შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
როგორც ბათუმის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმმა განაცხადა, პაციენტს ნერვიულობის გამო არტერიული წნევა ჰქონდა მომატებული.
„ქალბატონს გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, ნერვიულობის ფონზე არტერიული წნევის მატება აღენიშნებოდა. ჩავუტარეთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამჟამად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა უნდა გამართულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ სწორედ დეპუტატმა სვეტლანა არშბამ შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ორივე თანამდებობის პირის გადაყენების საკითხს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. მათ შორის, 8 მანდატი „ნაციონალებს“ ეკუთვნით, ხოლო 10 – „ოცნებას“. 2 დეპუტატი ჰყავთ „თავისუფალ დემოკრატებს“, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია. სწორედ სვეტლანა არშბაზეა დამოკიდებული, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით მუსული „ოცნების“ დეპუტატები აღმოჩნდებიან თუ არა უმცირესობაში.