გაჩეჩილაძე “ნაციონალებს”: ნარკობიზნესიდან და იარაღის ვაჭრობიდან შემოსული ფული დააბრუნეთ
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინიციატივას „უფასო ფულის შესახებ“ პარლამენტში გამოხმაურებები მოჰყვა. დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ გოგა ხაჩიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ 9- წლიანი მმართველობა გაახსენა.
გაჩეჩილაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის ფული უკან დააბრუნოს, რომელიც მათ 9 -წლიანი მმართველობის დროს სახელმწიფო “ბიუჯეტიდან მოიპარეს”.
„უცნაური წინადადების მაგივრად, შემოგეტანათ ის წანადადებები, რომ აი, ის ფული, რომელიც წაიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 9 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტიდან, ნარკობიზნესიდან შემოსული იარაღის ვაჭრობიდან, აი ის ფული დავაბრუნოთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში.
პარლამენტი ე.წ. უფასო ფულის ინიციატივაზე მსჯელობს. განხილვის საგანი “უფასო ფულის შესახებ” დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული პროექტია. ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. პროექტის მიხედვით, “უფასო ფულის შესახებ” კანონპროექტი 2015 წლის 1-ელი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.