ლუკა კურტანიძემ გოგა ხაჩიძეს ბეგრაუნდი შეახსენა – “ეს წინადადება თქვენგან არასერიოზულია”
დეპუტატი ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ “უფასო ფულთან” დაკავშირებით გოგა ხაჩიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი არასერიოზულია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კურტანიძემ ხაჩიძეს მიმართა: „თქვენ და თქვენს მამამთავარს ისეთი ბეგრაუნდი გაქვთ, ეს წინადადება თქვენგან არასერიოზულია“. მანვე ხაჩიძეს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული სიკეთის შესახებ დაწერილი წიგნის წაკითხვა შესთავაზა.
“ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა გამყარებულია იქიდან, რაც გაკეთებული აქვს საქართველოსთვის. ადვილად გასაგებია ეს ინიციატივა მისგან, მაგრამ თქვენგან ვფიქრობ, ეს არის უაზრო. ვიცით, რა მეთოდებით აგროვებდით თანხას, ბიუჯეტი რომ შეგევსოთ. რა მდგომარეობამდე მიგყავდათ საზოგადოება ამისთვის. ვფიქრობ, თქვენი წინადადება არის არასერიზული. თქვენ და თქვენს მამამთავარს ისეთი ბეგრაუნდი გაქვთ, არასერიოზულია ეს წინადადება თქვენგან. ბატონ ბიძინას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და მე წიგნს გადმოგცემთ თქვენ თუ გინდათ, რა აქვს მას გაკეთებული”, – განაცხადა კურტანიძემ.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტი “უფასო ფულის შესახებ” დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიცირებულ პროექტს განიხილავს. ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. პროექტის მიხედვით, “უფასო ფულის შესახებ” კანონპროექტი 2015 წლის 1-ელი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.