კობა კობალაძე “ნაციონალებზე”: აქედან თუ გაასწრეს, უკრაინიდან ვერ გამოასწრებენ

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოფილი ხელისუფლების წევრი ბრალდებული პირების გადმოცემაზე უარის თქმის ფაქტს სამხედრო ექსპერტი კობა კობალაძე საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
მისი თქმით, უკვე გამოიკვეთა ნიშნები, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების მეშვეობით უკრაინაშიც საქართველოს სცენარი განვითარდეს, თუმცა ექსპერტი ეჭვობს, რომ ამჯერად ისინი უკრაინიდან ვეღარ გამოასწრებენ. კობალაძის თქმით, უკრაინა ხელს უშლის სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს ყოფილი ხელისუფლების პირებთან მიმართებაში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, რითაც ისინი ამ კუთხით გარკვეულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.
„სამართალი ყველგან ერთი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვაწყდებით იმას, რომ მიუხედავად ბრალეულობებისა და იმისა, რომ ეს ადამიანები კონკრეტულ ქმედებებში არიან მხილებულნი, უკრაინელი მეგობრები სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ, რომ კონკრეტულ ქმედებებზე რეალური ჭეშმარიტება დადგინდეს. ეს ჩვენს მეგობრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. თავად უკრაინაშიც საზოგადოების ნაწილისთვის ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნები გაურკვეველია, მაგრამ ჩვენ სულსწრაფები არ უნდა ვიყოთ. გულით ვუსურვებ წარმატებას უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ მათ აქედან თუ გაასწრეს, იქიდან ვერ გამოასწრებენ. მათი იქ დანიშვნის შემდეგ მოვლენები იქ საქართველოს სცენარით განვითარდა, უცებ დაიწყო ჯაშუშების აღმოჩენა სხვადასხვა დაწესებულებაში, აღმოჩნდნენ მტრები… უკრაინელებს არჩევანის და ანალიზის საშუალება მივცეთ. ამ დანიშვნებიდან ჯერ დიდი დრო არ გასულა, მაგრამ უკვე საკმაოდ მძიმე ფონი შეიქმნა“,- განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები