„რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებელია და არჩევანში თავისუფლები ვართ“

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სამხედრო ექსპერტმა კობა კობალაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში განთავსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთს რეგიონში თავისი ინტერესები აქვს, თუმცა საქართველომ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. ამავდროულად კი, ეს მოქმედებები ვინმეს სატელიტად ყოფნას არ უნდა გულისხმობდეს.
„ნატოს საზღვრებთან და გავლენის სფეროების გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთს თავისი პოზიაცია აქვს. ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან უნდა გამოვდიოდეთ და ვიღაცის გავლენის თუ სურვილის გამზიარებლად სატელიტები არ უნდა ვიყოთ. რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებელია და არჩევანში და გადაწყვეტილებაში თავისუფლები ვართ. ეს არის დიპლომატური საუბრისა და მოლაპარაკებების საგანი. ჩვენ კურსს არ ვიცვლით და არ ვიცი, ვის და რატომ გააჩნია ასეთი ეჭვის გამოთქმის საფუძვლები, ჩვენთვის ადამიანის უფლებები და დასავლური ფასეულობები სისხლხორცეულად გამჯდარია, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ და არავისი რუპორი არ უნდა ვიყოთ, რადგან არ არსებობს მუდმივი მეგობრობა, არსებობს მუდმივი ინტერესები. ჩვენ ისეთ მყიფე გარემოსა და სივრცეში ვცხოვრობთ, რომ ნებისმიერი მცირედიც შეიძლება საფრთხედ იქნას განხილული. იმიტომ რომ ეს შეიძლება რუსეთისთვის გარკვეული დისონანსის მომტანი იყოს“,- აღნიშნა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები