“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს
მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში იბარებს. ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს შორის ექსპორტის და იმპორტის შემცირებას ასახელებენ. ოპოზიციას მთავრობისგან მდგომარეობის გამოსწორების საკუთარი ხედვების მოსმენა სურს. უმცირესობის ამ მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობაც ეთანხმება. საპარლამენტო უმცირსობის წევრი დავით ბაქრაძე ოპონენტებს შიდა საკომიტეტო კონსულტაციებს სთავაზობს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლარის სტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის თემა არის, უმნიშვნელოვანესი, რითაც ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული, ისევე როგორც ოპოზიცია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, მთავრობის მხრიდან ადეკვატურ რეაქციას საკითხის მიმართ. ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღეს, დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ ეკონომიკაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით ბაქრაძე.