დავით ნარმანია ანსამბლ „ბასიანის” კონცერტს დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის” კონცერტს დაესწრნენ.
თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ანსამბლ “ბასიანს” მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური მუსიკის განვითარებაში.
“ბასიანის“ რეპერტუარი მოიცავს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშებს. მისასალმებელია, რომ ანსამბლი ამ ნიმუშებს უნიკალური საარქივო, ფონო და სანოტო ჩანაწერებიდან აცოცხლებს. უშუალოდ შეისწავლის სიმღერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე უფროსი თაობის გამოჩენილი ლოტბარებისა და მომღერლებისაგან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ახალგაზრდებში ტრადიციული ქართული სიმღერების და საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. “სწორედ ამიტომ, კვლავაც გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საღამოზე ანსამბლი მსმენელის წინაშე განახლებული პროგრამით, საანგარიშო სოლო კონცერტით წარდგა.
ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი.