სოსო ფხაკაძე: საწვავის ფასი აბსოლუტურად რეალურად ასახავს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია

საწვავის ფასი რეალურად ასახავს სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაშია -ამის შესახებ “ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გადაცემა “„ბიზნესპრესის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„სანამ საერთაშორისო ბაზარზე შემცირების ტრენდი დაიწყებოდა, ფასი იყო დაახლოებით 2 ლარი და 20 თეთრი. დღეს რეგულარის ფასი არის 1 ლარი და 60 თეთრი. ჩვენ ასევე გვაქვს არაბრენდული სადგურები, სადაც „ვისოლი“ არ აწერია და სადაც ინვესტიცია არ არის ჩადებული, ასე რომ, იქ შეგვიძლია კიდევ უფრო დაბალი ფასი გვქონდეს და ეს არის 1,4 ლარი. თუ გავითვალისწინებთ ლარის კურსის დევალვაციას, მაშინ მიხვდებით, რომ ეს ფასი რეალურად ასახავს იმ სიტუაციას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. დღეს რომ იყოს კურსი ერთ დოლართან 1,70 თეთრი – ბუნებრივად ბენზინის ფასი მნიშვნელოვნად დაბალი იქნებოდა. დათვალეთ 18–19 -პროცენტიანი დევალვაციის გავლენა, რაც მოხდა საქართველოში – შესაბამისი იქნებოდა ბენზინის ფასიც. საწვავი 10–11-ჯერ გაიაფდა, ამანაც შეამცირა ის ნეგატიური ეფექტი, რომელიც დღეს არსებობს რეგიონში. საქართველო ყველაზე კარგად გამოიყურება, იმასთან შედარებით, რაც რეგიონში ხდება“, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ლარის კურსზე ზეწოლას ბევრი ფაქტორი განპირობებს. ბიზნესმენი 2015 წელს ინვესტიციების შემცირებას და, შესაბამისად, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებასაც ელოდება.
„ზეწოლა ლარის კურსზე ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული, ეს არის ფულადი გზავნილების შემცირება, ეს არის უარყოფითი სავაჭრო სალდოს გაზრდა და ის ნეგატიური ფონი, რაც რეგიონში არსებობს, რაც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს საწვავის ფასზეც. 2014-ში და 2013-ში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის ერთნაირ ნიშნულზე იყო. ვფიქრობთ, წელს, წლის დასაწყისში მაინც, ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში შემცირდება – რაც კიდევ უფრო ნეგატიურ გავლენას მოახდენს ლარის კურსზე“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები