პეტრე მამრაძე: პუტინის ჩეკისტური რეჟიმი პოლიტიკურ გვამად იქცა, თავის ლიდერთან ერთად

„სიცრუის მორიგი ნიაღვარი ნატოზე“ – ამ სათაურით ედუარდ შევარდნაძის მთავრობის კანცელარიის მდივანი პეტრე მამრაძე ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის ყოფილი წევრის განცხადებით, აბაშიძემ, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა ფრთხილი და მოზომილი განცხადება გააკეთა.
„გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. დღეს გამოცდილმა დიპლომატმა ზურაბ აბაშიძე თქვა, რომ მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. ზურაბ აბაშიძემ, როგორც ყოველთვის, ფრთხილი და მოზომილი განცხადება გააკეთა. მოსკოვსა და თბილისში კარგად იციან, რომ სააკაშვილის და მისი თანამზრახველების მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ ნატოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არასოდეს (ანუ ამ ისტორიულ ეტაპზე) არ მიიღოს საქართველო თავის რიგებში. დასავლეთის მოღვაწეებმა ეს არაერთხელ თქვეს კიდევაც. ზურაბ აბაშიძის ფრთხილ განცხადებას მოჰყვა განგაში „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან: მაია ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, რომ აბაშიძის განცხადება არის საგანგაშო, რადგან გამოავლინა მთავრობის რეალური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის პრიორიტეტი არ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება; ალექსი პეტრიაშვილი თქვა, რომ „ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება’’; ტელევიზიით მოვისმინე, რომ „ნაცები“ პარლამენტში აპირებენ პრესკონფერენციის გამართვას აბაშიძის საგანგაშო განცხადებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ კი ისევ თავის მართლება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს სემიუელ ჯონსონმა თქვა, რომ ,,პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია’’ (ჯონსონმა გამოიყენა სიტყვა scoundrel, რომელიც ითარგმნება, როგორც არამზადა, სალახანა, გათახსირებული, ნამუსგარეცხილი ვინმე, გარეწარი). ამ შეხსენების შემდეგ ლავროვის განცხადების ანალიზზე გადავალ. რუსეთის მთავრობამ შესანიშნავად იცის, რომ ნატო საერთოდ არ აპირებს საქართველოს მიღებას თავის რიგებში და მით უფრო ჩათრევას. მაგრამ რუსეთში არსებული კატასტროფული ვითარების გამო პუტინის რეჟიმს ჰაერივით სჭირდება ,,მტრის ხატი’’ და იმის მტკიცება საკუთარი ხალხისათვის, რომ მათ რუსეთი ფეხზე წამოაყენეს და ახლა აშშ-ს და ნატოს დაუპირისპირდნენ. ,,მორიგი გამარჯვების’’ იმიტაციისათვის მათთვის შეიძლება ნებისმიერი საბაბი საკმარისი აღმოჩნდეს. მაგალითად, ბევრი რომ ვიყვიროთ, რომ ნატოს ,,ინფრასტრუქტურა’’ უკვე შემოდის საქართველოშიო, პუტინის რეჟიმმა ესეც კი შეიძლება საპასუხო მოქმედების საბაბად გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წარმომადგენლებმა ალასანიას ადრინდელი განცხადებების პასუხად თქვეს, რომ არავითარი ინფრასტრუქტურა საქართველოში არ შედის. უფრო ,,მსუქან’’ საბაბად კი შეიძლება ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ე.წ. მაპის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის დაპირება გახდეს.
შეგახსენებთ, რომ მაპი არაფერს მატებს ქვეყნის უსაფრთხოებას, ნატო არ არის ვალდებული დაიცვას მაპის მქონე ქვეყანა. მაინც როგორი იქნება რუსეთის მთავრობის შესაბამისი ზომები საკმარისი საბაბის მოპოვების შემთხვევაში. პაკეტი საკმაოდ დიდია. აქ მხოლოდ ორ ვარიანტს მოვიყვან: 1. შეიძლება გადაიყვანონ სამხედრო შენაერთები გიუმრის სამხედრო ბაზიდან ახალქალაქში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. განაცხადებენ, რომ იძულებული არიან, ეს გააკეთონ, ვინაიდან ნატო შემოდის, ვინაიდან ამას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა და ა.შ.; 2. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა შეიძლება მიმართოს რუსეთის დუმას თხოვნით, შეუერთდეს ჩრდილო ოსეთს (ამაზე არაერთი ,,რეფერენდუმი’’ აქვთ ჩატარებული), ანუ შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, რომ უფრო საიმედოდ იყოს დაცული საშინელი ნატოსგან (დილით რომ მიმართონ, დღისით დუმა კენჭს უყრის ერთხმად ამ თხოვნას, საღამოს კი პუტინი ხელს მოაწერს შესაბამის დეკრეტს), როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია?
ეს რიტორიკული შეკითვა არაერთ დასავლეთელ დიპლომატს დავუსვი და ყველამ თქვა, რომ რაღაც განცხადებები გაკეთდება, მაგრამ მთლიანობაში რეაქცია ბევრად უფრო მცირე იქნება, ვიდრე ყირიმის ანექსიაზე ჰქონდათ. პუტინის ჩეკისტური რეჟიმი პოლიტიკურ გვამად იქცა თავის ლიდერთან ერთად, მაგრამ სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით სახიფათო ახლა ჩვენთვის. მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგები იმაზეც მსჯელობენ, რომ პუტინის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ ვითარება, პირველ ეტაპზე მაინც, კიდევ უფრო სახიფათო იქნება. თუ ამას გავითვალისწინებთ, არ გაგვიჭირდება ადეკვატურად შევაფასოთ ჩვენი ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსის ავანტიურისტული განცხადებები ზურაბ აბაშიძის საჭირო და სასარგებლო განცხადებასთან დაკავშიებით“, – წერს პეტრე მამრაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები