„გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სკოლა მასწავლებელთან თანამშრომლობას გაწყვეტს“

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე  მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელი დოკუმენტები დაამტკიცა.
სპეციალური სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული იყო  9 დოკუმენტი: პედაგოგთა შეფასების წესის შესახებ; პედაგოგთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ;  პედაგოგთა სტატუსების მინიჭების წესის შესახებ; სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზებისა და საშუალებების შესახებ; სტატუსების მისანიშნებლად სავალდებულო აქტივობების ჩამონათვალის შესახებ; დამატებითი კრედიტქულების მოსაპოვებლად დამატებითი საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ; კრედიტქულების გაანგარიშების წესის შესახებ; კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულების დადგენის წესის შესახებ; კრედიტქულების დაგროვების ვადების შესახებ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, მასწავლებელი პროფესიულ განვითარებასთან ერთად ფინანსურადაც წახალისდება.

მინისტრის განცხადებით, 2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად. თუმცა მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების განმავლობაში მასწავლებლის შეფასების შედეგები ექვემდებარება კრედიტქულებად აღიარებას.

როგორ მოხდება მასწავლებლის შეფასება, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის – “პედაგოგთა შეფასების წესის” – მიხედვით.

დადგენილების თანახმად, მასწავლებლის შეფასების მიზანია “მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა და მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა  და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის  გაძლიერების ხელშეწყობა.

მასწავლებლის შეფასება  დაეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მის მასწავლებლებზე. ამ წესის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მის მასწავლებლებზე, კერძო სამართლის იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში.
მასწავლებელთა სქემა განსაზღვრავს პედაგოგის 4 სტატუსს: პრაქტიკოსი მასწავლებლის,  უფროსი მასწავლებლის, წამყვანი მასწავლებლის და მენტორის სტატუსს.

პრაქტიკოსი მასწავლებელი –  მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების  შესაბამისად;

უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის   სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;

წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე  შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;

მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს  წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის  პედაგოგიურ პრაქტიკას;

მასწავლებლის შეფასების ტიპებია:  გარე შეფასება, რომელიც მოიცავს საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას; შიდა შეფასება, რომელიც მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებას და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას.
მასწავლებლის შეფასება მოიცავს შემდეგ ფორმებს: მასწავლებლის თვითშეფასება; საგნის გამოცდა; გარე დაკვირვება;  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასება.

მასწავლებელი თვითშეფასებისთვის ავსებს თვითშეფასების კითხვარს.  მასწავლებლის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსებისა და ასევე მასწავლებლის მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის ვადები განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

საგნის გამოცდა

საგნობრივი კომპეტენციების დასადასტურებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია ჩააბაროს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის. საგნის გამოცდა ტარდება წლის განმავლობაში ორჯერ.

გარე  დაკვირვება

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვის შემოწმების მიზნით, უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ექვემდებარება გარე დაკვირვებას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის განმავლობაში.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

მასწავლებელს აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  შედგება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის,  დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან. კერძო სამართლის იურიდიულ პირში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კერძო სამართლის იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ბრძანებით ქმნის მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს.

ბრძანების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას  2015 წლის 15 ოქტომბრამდე  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის/ჯგუფების შექმნა დაევალა.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე; მასწავლებელს ანიჭებს კრედიტქულებს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე; აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე,  იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის  წარდგენის შესახებ. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმებია:

გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება (პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლისათვის); სამოდელო გაკვეთილის შეფასება (წამყვანი/მენტორი მასწავლებლისათვის); მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის).

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების ვადა

პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის  შინაარსობრივი ნაწილი, თავისუფლდება საგნის გამოცდის ჩაბარებისაგან.

იმ მასწავლებელს, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, უფროსი მასწავლებლის  სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლების სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის პირველი სამი წლის განმავლობაში ჩააბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის პირველი სამი წლის განმავლობაში ჩააბაროს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ამ ვადის განმავლობაში ვერ/არ ჩააბარებს საგნის გამოცდას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცხადებული ვაკანსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებამდე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით დაიკავოს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 212 მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი თანამდებობა.

პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდა 2015 წელს ჩატარდება ერთხელ, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში, გარდა მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე  არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის.

საგნის გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს 2015 წლის განმავლობაში; მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის), ასევე არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს  2016 წლის განმავლობაში.

წყარო: http://gurianews.com

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები