თეა წულუკიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებსა და გუბერნატორთან ერთად ესტუმრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივთა პრობლემებს გაეცნო. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მინისტრმა ეთნიკურად სომეხ სამ მოქალაქეს პირადად გადასცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე მათ, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეეძლებათ ევროკავშირთან უვიზო მომოსვლის რეჟიმით სარგებლობა.
მინისტრი მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სახელმწიფო დოკუმენტების მიღების კუთხით სამინისტროსა და პარლამენტის წევრების მიერ ერთობლივად შემუშავებული პროცედურები გააცნო. “ჩვენ მოვიარეთ ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ვიზიტი გაგრძელდება ფოკასა და წალკაში. ჩვენი მიზანია, ვნახოთ, როგორ მუშაობენ ადგილობრივი ტერიტორიული სამსახურები იმისთვის, რომ ინდივიდუალური პრობლემები ჩვენს მოქალაქეებს, იმ პირებს, ვისთვისაც სამცხე-ჯავახეთი, საქართველო არის სახლი და სამშობლო, ჰქონდეთ მოგვარებული, საბუთები, სხვადასხვა სერვისი, რომელთაც გასცემს სახელმწიფო”, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ იანვრიდან პროცესი დაძრულია.
ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ პეტროსიანის თქმით, იანვრის შემდეგ ბინადრობის მოწმობები მასობრივად გაიცემა. “დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა, ერთად გავიარეთ ყველა საკითხი, ერთად ვეძებდით გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოსავალი ნაპოვნია. პირველი იანვრის შემდეგ მასობრივად გაიცემა ბინადრობის მოწმობები”, − განაცხადა სამველ პეტროსიანმა. იანვრიდან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემა გადაიჭრა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში რეგისტრირებული სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობას, რომლებმაც ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართეს, ბინადრობის უფლება მიენიჭათ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, ახალქალაქიდან შესული 919 წერილობითი თხოვნიდან სომხეთის 584 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა, 326 საქმეზე განხილვა მიმდინარეობს, მხოლოდ 2 პირს ეთქვა უარი, ხოლო 7 საქმე დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო განუხილველად დარჩა. ნინოწმინდაში რეგისტრირებული 553 განმცხადებლიდან 421 პირს ბინადრობის ნებართვა უკვე მიენიჭა, 127 საქმის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს, 3-ს უარი ეთქვა, ხოლო 2 საქმე დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო განუხილველად დარჩა. რაც შეეხება მოქალაქეობას, ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან მოქალაქეობაზე მოთხოვნით 2014 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სომხეთის 72-მა მოქალაქემ მიმართა (ახალქალაქი − 22, ნინოწმინდა − 50).
ამ დროისთვის ახალქალაქში რეგისტრირებულ სომხეთის 8 მოქალაქეს უკვე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, 8 საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, 5-ს უარი ეთქვა, ხოლო ერთი განაცხადი განუხილველად დარჩა დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო. ამავე პერიოდში ნინოწმინდაში რეგისტრირებულ სომხეთის 48 მოქალაქის საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, ხოლო ორ მათგანს უარი ეთქვა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იუსტიციის მინისტრის ვიზიტს წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას წარმოადგენენ. 11 თებერვალს თეა წულუკიანი ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს − ენზელ მკოიანს, ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს − სამველ პეტროსიანს და პარლამენტარ რუსლან პოღოსიანს შეხვდა. 2014 წლის ბოლოს დეპუტატ რუსლან პოღოსიანის ხელშეწყობით გამართულმა შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილობრივ ბიუროს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ასეულობით მოქალაქის ინდივიდუალური პრობლემა მოგვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები