პროკურატურის ორგანიზებით ექსტრადიციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თემაზე სემინარი იმართება
საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით, სასტუმრო „რედისონში“ თემაზე – „ექსტრადიცია და საერთაშორისო თანამშრომლობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებით“ სემინარი მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები – ირაკლი შოთაძე, გიორგი გოგაძე, გიორგი გაბიტაშვილი და საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეული სტუმრები: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი შტეფან შთორქი, მონაკოს სამთავროს გენერალური პროკურორი ჟან პიერ დრენო და ასევე პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთის, ისრაელის და უკრაინის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.
სემინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს: Eurojust-ისა და მესამე ქვეყნების თანამშრომლობა, შესაძლებლობები და ფარგლები; ორმაგი დასჯადობის წესის გამოყენების შეზღუდვა და მის გამოყენებაზე უარი; ოჯახის ერთიანობის პრინციპი და სხვა ჰუმანიტარული გარემოებები; ექსტრადიცია, თავშესაფარი და ძებნილი პირის უკან დაბრუნების აკრძალვის ვალდებულება.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკაზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით; ქონების ჩამორთმევის სამოქალაქო სამართლებრივ მექანიზმზე; ორმაგი დასჯადობის გამოყენებაზე და მის ფარგლებზე. სემინარი ორ დღეს გაგრძელდება.