საკრებულოში ჩვილ ბავშვთა საქართველოდან უკანონოდ გაყვანის საკითხზე იმსჯელეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საქართველოდან უცხო ქვეყნებში ჩვილი ბავშვების უკანონო გასხვისების თემაზე ინფორმაცია მოისმინეს. აღნიშნულ თემაზე დეპუტატების წინაშე მოხსენებით კომისიის წამყვანი სპეციალისტი ნიკა ასვანუა წარდგა, რომელმაც ინფორმაცია ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარის, თამარ ხაჭაპურიძისგან მიიღო.
განმცხადებლის ინფორმაციით, ჩვილი ბავშვების დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტები შპს ,,ნიუ ლაიფ ჯორჯია“–ს თანამშრომლების მხრიდან იკვეთება. თამარ ხაჭაპურიძის თქმით, სუროგატ დედებს აიძულებდნენ დაეფარათ სუროგაციის ფაქტი, ასევე აიძულებდნენ, დარეგისტრირებულიყვნენ კანონიერ დედებად და მამად დაესახელებინათ ის უცხოელი, ვისაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი. „მომავლის იმედის“ ინფორმაციით, სწორედ ამ სქემით ხდება საქართველოდან ჩვილების უკანონოდ გაყვანა.
ნიკა ასვანუას განცხადებით, აღნიშნულ პრობლემაზე პროკურატურას მიმართა როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ასევე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. ამასთანავე, პროკურატურაში ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა არა ჩვილების უკანონოდ გასხვისების, არამედ ყალბი დოკუმენტებით მიგრანტის საზღვარზე გადაყვანის მუხლით.
კომისიის თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია გეგმავს ამ თემის აქტუალიზაციას. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიღებული ინფორმაცია დაურიგდებათ საკრებულოს დეპუტატებს, ხოლო პროკურატურისგან გამოთხოვილი იქნება საქმის მიმდინარეობის შესახებ ცნობები, რისი მიღებაც გამოძიების პროცესშია შესაძლებელი. ამასთანავე, კომისია მიმართავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რათა ამ თემის განხილვისას საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი. როგორც გულიკო ზუმბაძემ სხდომის დასრულებისას აღნიშნა, მისი კომისია გეგმავს, სიღრმისეულად მიჰყვეს ამ საკითხს, რადგან საქართველოდან ჩვილები უკანონოდ აღარ გაიყვანონ.