საკრებულოში შშმ პირთა უფლებების დაცვის გარანტიის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციები შეიმუშავეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის გარანტიების გათვალისწინებაზე იმსჯელეს.
საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის ფორს-მაჟორულ რეჟიმში განხილვა ამა წლის 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყების წინ, მაყურებლების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დარღვევის ფაქტმა განაპირობა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, აუციელებელია გატარდეს ისეთი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის პრეცენდენტებს მომავალში სრულად გამორიცხავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი საკანონმდებლო ინიციატივის საკითხი, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის გარანტიას უზრუველყოფს. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტს, რომელიც თვითმმართველობის ორგანოების მიერ იქნება მხარდაჭერილი, ახლდეს განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რა ხერხებით და საშუალებებით განხორციელდება შშმ პირთა უფლებების დაცვა“, -აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
სხდომაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს.
კომპანია „არტპალასის“ გენერალურმა დირექტორმა, მაკა შავგულიძემ 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში გამართული ღონისძიების დროს წარმოქმნილი ხარვეზების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოქმნილი პრობლემები გარკვეულწილად სპორტის სასახლის შენობაში შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსების არქონამ გამოიწვია.
„ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით და მოხარულები ვართ, რომ სწორედ „არტპალასის“ მიერ გამართული ღონისძიება გახდა, ასეთი სახის პრობლემების საჯაროდ განხილვის და მათი მოგვარების გზების მოძიების ერთგვარი საწყისი. იმედი მაქვს, რომ ასეთი საჯარო შეხვედრები გახდის შესაძლებელს, რომ აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას“, – აღნიშნა მაკა შავგულიძემ.
სხდომის დასასრულს, გულიკო ზუმბაძემ კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია წარუდგინა, სადაც ის პირობები და წინადადები იყო დეტალურად განხილული, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შშმ პირთათვის სათანადო პირობების უზრუველყოფას ავალდებულებს.
კერძოდ, შშმ პირთა უფლებების სრულფასოვნად რეალიზებისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, ასევე სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებს, თან ახლდეს დასაბუთება შშმ პირთათვის ხელსაყრელი გარემოს არსებობის შესახებ. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილ იქნას სათანადო ხარჯთაღრიცხა გარემოს ადაპტირებისათვის.
ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის მიერ მომზადდეს საკანონმდებლო წინადადების პროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესატანად, შშმ პირთა მონაწილეობისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით.
სხდომას დეპუტატების გარდა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენელები ესწრებოდენენ. ასევე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ დირექტორი ზურაბ წერეთელი, კომპანია „არტპალასის“ გენერალური დირექტორი მაკა შავგულიძე, რეჟისორი დავით საყვარელიძე, თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი მიხეილ ეძგვერაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.