აშშ-მ საქართველოს დახმარების გაზრდა აღუთქვა

   ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობდნენ. სხდომის შემდეგ გამართულ დისკუსიას, რომელიც ორმხრივ ურთიერთობათა გაღრმავების გზებს დაეთმო, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უძღვებოდნენ. სტრატეგიული პარტნიორობის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ფართო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი მოქმედებს, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებზეა კონცენტრირებული: დემოკრატია; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.
26 თებერვლის სხდომაზე სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარეებმა კომისიის მიმდინარე წლის მიზნებზე იმსჯელეს და სამუშაო ჯგუფების სხდომების გრაფიკი განსაზღვრეს. ამერიკის მხარემ საქართველოს დელეგაციას 2013 წელს გამჭვირვალე და ეფექტიანად ადმინისტრირებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, პარაფირება მიულოცა. აშშ-მ საქართველოს დახმარების გაზრდა აღუთქვა. გაზრდილი დახმარება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, პირველ რიგში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კუთხით, ამასთან, საქართველოს იზოლაციისა და იმ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრების გავლების (ბორდერიზაციის) პროცესი ქმნის.
ამერიკის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან, მილიტარიზაციასტან და ბორდერიზაციასთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციას „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. 2014 წლის ივნისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საუბრისას, დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის წინასაარჩევო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში, სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ორივე მხარემ აღიარა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა და ის, რომ ჩადენილი გადაცდომებისთვის ხელისუფლების ჩინოვნიკების პასუხისგებაში მიცემა არ უნდა ხდებოდეს სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპის შელახვის ხარჯზე. აშშ-ს მხარემ საქართველოს დელეგაციას ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის დაწყება მიულოცა. ამ გეგმის წარმატებულად განხორციელება – ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებასთან და განხორციელებასთან ერთად – ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქის, მათ შორის უმცირესობათა წარმომადგენლების, სამართლებრივ დაცვას, დაეხმარება ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტების შესრულებასა და 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად აუცილებელი ორიენტირების მიღწევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები