საქართველოში პირველი ღვინის ქარხნის გადასაჩენად ხვალ აქცია გაიმართება

 

აქციის ორგანიზატორები ხვალ, 12:00 საათზე საზოგადოებას ღვინის ქარხანასთან აქციაზე მისვლისა და აქტივობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

“პარასკევს, 12:00 საათზე გთხოვთ ყველას, მობრძანდეთ საპროტესტო აქციაზე. აუცილებელია აქტივობა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პირველი ღვინის ქარხანა, სადაც ღვინო პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბოთლებში იქნა ჩამოსხმული. რაც მთავარია, 40 ათასი ბოთლისგან შემდგარი ენოთეკა 2006 წლიდან დაყადაღებულია და არავის არ ეძლევა საშუალება რომ მიხედოს ამ სამუზეუმო ექსპონატებს”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ცნობისთვის, შენობა 1896 წელს, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აიგო. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. იგი წარმოადგენს აგურით ნაშენ ბაზილიკური ტიპის სამსართულიან ნაგებობას. შენობაში მოხვედრა ხდება ორი დონიდან – პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩიდან.

მოგვიანებით მელიქიშვილის ქუჩის გაზრდამ შესასველის შეცვლა გამოიწვია, ქუჩის მხარეს რუსტირებული ქვით მოპირკეთებული თაღოვანი კედელი აშენდა, რამაც ცენტრალური კიბის დემონტაჟი გამოიწვია და დღეს ქარხანაში მოხვედრა მელიქიშვილის მხრიდან შესაძლებელია სწორედ ამ თაღების გავლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები