„ესაა 51- კაციანი დამნაშავეთა სია, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში ალასანიას დროს დააწინაურეს და დღემდე პოსტებზე რჩებიან“ – წითელაშვილი მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს
სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე მყოფი იმ ადამიანების 51- კაციანი სია წარმოადგინა, რომლებიც, მისი თქმით, სხვადასხვა წლებში ახალაიას და კეზერაშვილის დანაშაულებრივ საქმეებში მონაწილეობდნენ და მათ უკანონო პოლიტიკურ ბრძანებებსაც ასრულებდნენ.
წითელაშვილის მიერ დასახელებულ პირთა შორის სარდლები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებიც აღმოჩნდნენ.
სამხედრო ექსპერტის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მან თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას რამდენჯერმე მოუწოდა, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეესწავლა, ყოფილმა მინისტრმა წითელაშვილის მოწოდება ყურად არ იღო. 2014 წლის აგვისტოს კი, გიორგი მარგველაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ეს ადამიანები დაწინაურდნენ.
„ეს ადამიანები წლების განმავლობაში ჩადიოდნენ დანაშაულებს და უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათი სია ყოველგვარი წარდგინების გარეშე გადაეცა გიორგი მარგველაშვილს და, მისი ბრძანების საფუძველზე, ისინი 2014 წლის აგვისტოში დაწინაურდნენ, მიენიჭათ წოდებები. ამ ადამიანებს შორისაა ლოჯისტიკის სარდალი გიორგი კერესელიძე, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ ბრძანებებს ასრულებდა, ის იყო 7 ნოემბრისა და 26 მაისის ერთ-ერთი დამარბეველი. მათ შორისაა საჰაერო ძალების სარდალი მერაბ ურიდია, რომლის წყალობითაც დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე სრულიად დაუცველია, ვინაც ათეულობით მილიონად შეიძინა უხარისხო ბუკები ჩვენი თავდაცვისთვის, 300 მილიონი თბილისის შემოსასვლელებში თავდაცვითი ზღუდეების აშენებაში დახარჯეს, მაგრამ 300 თეთრი არ დაუხარჯავთ საჰაერო სისტემის გასაძლიერებლად. ესაა წყალში გადაყრილი თანხა. პირველ რიგში, საჰაერო სისტემა უნდა გაძლიერებულიყო და შემდეგ სახმელეთო თავდაცვითი ზღუდეები შექმნილიყო. პირიქით მოხდა, რადგანაც კერესელიძის მონაწილეობით ჩამოიწერა ეს თანხა. ამაში დიდია ურიდიას პასუხისმგებლობაც. ასევე სიაში არიან: შალვა ძინძიბაძე, მალხაზ მაკარაძე, ირაკლი მანჯგალაძე, ლევან ბერია, ნიკოლოზ აგლაძე, გელა გიორგაძე …“ – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
სამხედრო ექსპერტმა დასახელებული ადამიანების საქმეების შესწავლა პირადად თავდაცვის მინისტრს და სამხედრო გენერალურ ინსპექციას სთხოვა. მისი თქმით, ის პირადად გადაუგზავნის 51- კაციან სიას როგორც თავდაცვის მინისტრს, ისე პრემიერ- მინისტრს. მისივე განმარტებით, სიას თან აღნიშნული პირების შესახებ სრული ინფორმაცია დაერთვება, რის შემდეგაც წითელაშვილი იმედს იტოვებს, რომ საქმეში სამხედრო გენერალური ინსპექცია ჩაერთვება. მისი განცხადებით, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ სამსახურიდან და მათზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას.
ტრისტან წითელაშვილმა მინდია ჯანელიძეს 2 კვირის მანძილზე სასწრაფო ზომების გატარება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ექსპერტი ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს.