მთავრობა ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის, ექსპორტისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს იწყებს (ვიდეო)

საქართველოს მთავრობა მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის, ექსპორტისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით, აქტიურ ღონისძიებებს იწყებს, – ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდეს.
პრემიერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით, კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის მცირედი ცვლილების შესახებ, რამაც სავალუტო ბაზარი გარკვეულწილად დაასტაბილურა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აპრილიდან საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ექსპორტის წამახალისებელი ინსტიტუტი ამოქმედდება, ასევე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდი კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან, რათა უნისონში იყოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, გადაიდგას თანამიმდევრული ნაბიჯები და ეკონომიკური ზრდის პროცესი იყოს შეუქცევადი.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაითვალისწინონ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება და, შესაბამისად, დაგეგმონ წელი. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია და მიმდინარე ტენდენციების შესახებ მათი წინასწარი ინფორმირება დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები