შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული გერონტი ქ, 1973 წელს დაბადებული ბესიკ ტ, 1981 წელს დაბადებული ნიაზ უ. და 1973 წელს დაბადებული დავით კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – ჰეროინი და ბუპრენორფინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.