“სურსათზე ფასების კლების ინიციატივას კრიტიკით უპასუხეს ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე წინასაარჩევნოდ დააფრიალებდნენ ფასების მონაცემებს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის გული მოეგოთ” – სოსიაშვილი
“ამ ინიციატივას კრიტიკით უპასუხეს ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე წინასაარჩევნოდ დააფრიალებდნენ ფასების მონაცემებს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის გული მოეგოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა სურსათზე ფასების კლებაზე საუბრისას განაცხადა.
„საუბარი მაქვს ამ „ნაცბანდის“ წარმომადგენლებზე და კრიტიკას ვისმენთ იმ ადამიანებისგან, ვინც წლების განმავლობაში ათი ათასობით ქართველი გააუბედურა, სახლებიდან გამოყარა, ბინები გაუყიდა და ამ გაღატაკებული თანამემამულეების ხარჯზე აიწყეს ცხოვრება, მოითბეს ხელი და გამდიდრდნენ. დღეს ესენი ეწინააღმდეგებიან, პრემიერის პოლიტიკა ფასების კლებაზე მიუღებელია მათთვის“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.