რუსუდან შარაძე: დაიწყება ტალახის სროლა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ



როდესაც მამაჩემის მკვლელობის გამოძიება აქტიურ ფაზაში შევა, დაიწყება ტალახის სროლა ჩემი ოჯახის და, კერძოდ, ჩემი ძმის – გიორგი შარაძის მისამართით, – ამის შესახებ გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.

რუსუდან შარაძე ფიქრობს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები “პოლიტიკურ მკვლელობებს“ ამა თუ იმ არასწორ მოტივს უდებენ სარჩულად და ამთ უდანაშაულოებად წარმოჩენას ცდილობენ.

გურამ შარაძის ქალიშვილს მაგალითად ვაზაგაშვილისა და ზურაბ ჟვანიას საქმეები მოჰყავს.

“ჩიხში შესული მკვლელები თავიანთი მოკლე ჭკუით, ბოლოსთვის გადანახულ ტალახს ისვრიან, მაგრამ არაფერი უშველით! ჯერ იყო და, ზურა ვაზაგაშვილის საქმე რომ გაიხსნა, გამოაჩინეს ვიღაც გამწარებული ოჯახი და ამით გაამართლეს მკვლელობის მიშასდროინდელი ვერსია ყაჩაღებზე, ახლა ზურაბ ჟვანიაზე და რაულ უსუპოვზე „გამოამზეურეს“ ვითომ აქამდე კეთილშობილურად შენახული მასალები, რათა ამით გაამართლონ მკვლელობის ასევე მიშასდროინდელი ვერსია.
სულ ვამბობ – როდესაც მამაჩემის მკვლელობის გამოძიება აქტიურ ფაზაში შევა, დაიწყება ტალახის სროლა ჩემი ოჯახის და, კერძოდ, ჩემი ძმის – გიორგი შარაძის მისამართით, რათა ამ შემთხვევაშიც, გაამართლონ თავიანთი ვერსია – ქუჩაში მოსიარულე ბარათელმა შემთხვევით დაინახა გურამ შარაძე, გაახსენდა 7 წლისწინანდელი (ამდენი ხანი იყო გასული, რაც ჩემ გიოს და ბარათელს ერთმანეთი არ ენახათ) წყენა, რომელიც მას გიორგი შარაძემ მიაყენა და ამიტომ მამა მოკლა, 2 საკონტროლო ტყვიაც დაახალა.
პოლიტიკურ მკვლელობებს ტყუილად კი არ უდებდნენ სარჩულად ამა თუ იმ მოტივს. მერე რა, რომ ზოგ შემთხვევაში, ოფიციალური ვერსია აბსურდულადაც კი გამოიყურებოდა. მკვლელებისთვის მთავარი იყო ე.წ. „კომპრომატები“, ტყუილ-მართლის ბინძური ნაზავი, რათა მერე ამას მოჰყოლოდა ყაყანი, ტალახი და ლაფი, თემის გაბიაბურება, „მაინც ვისაც როგორ უნდა, ისე დაიჯერებს“ და რაც მთავარია, ოჯახების მორალურად განადგურება.
ჩვენს შემთხვევაშიც, ტყუილად არ იყო შერჩეული გიორგი შარაძე და მერე მისი გარემოცვიდან – გიორგი ბარათელი. მამაჩემს ვერაფერს დააბრალებდნენ, რათა მკვლელობის სარჩულად დაედოთ, ხოლო ჩემი ძმის შემთხვევაში, ეს ადვილი იყო. ბარათელს რაც შეეხება, მასზე დაუცველს, გიორგის ირგვლივ, ვერავის იპოვიდნენ.
მოკლედ, დიდ ამბებს უნდა ველოდოთ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. არამზადა სააკაშვილს და მისი მკვლელების ბანდას მაინც არ უშველით არაფერი!!!“- წერს რუსუდან შარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები