„ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე“ – შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
16 თებერვალს, 18:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსში, 317-ე აუდიტორიაში, სოფლის სოციოლოგთა კლუბი კვლევითი პროექტის – „ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე“ – შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციის შემდეგ, პირველი კორპუსის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა გამოფენა, სოფლებში გადაღებული ფოტოებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან გამოტანილი მასალების საფუძველზე.
პროექტის მიზანია, ივანე ჯავახიშვილის მიერ 1910 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებითი ანალიზის გზით, საუკუნის განმავლობაში სოფელში მომხდარი ცვლილებების გამოვლენა და ამ ცვლილებების მიზეზების კვლევა, თანამედროვე სოფლის პრობლემების წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი სტრუქტურებისთვის. კვლევა ჩატარდა სოფელ არადეთსა და გრემში.
კვლევა შედგება რაოდენობრივი და თვისობრივი ნაწილებისგან. ასევე, განსხვავებული პრობლემების წარმოსაჩენად, სოფლის მოსახლეობის უფროსკლასელებთან ჩატარდა ესეების კონკურსი და გამარჯვებულ მოსწავლეებს წიგნები გადაეცათ.
პროექტის საველე სამუშაოების ნაწილში, კლუბის წევრების გარდა, მონაწილეობდნენ მოხალისეებიც.
კვლევითი პროექტის დამფინანსებელ–მხარდამჭერები არიან ertad.ge და თსუ.