„ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება უახლოეს ხანებში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს“

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებულებებზე სხვადასხვა სახის ექსპერტიზა გრძელდება და გამოძიება უახლოეს ხანებში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს“,- აღნიშნული განცხადება იური ვაზაგაშვილის ოჯახის მხრიდან საქმეში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ექსპერტმა ბრალდებულის ადვოკატის განცხადებას არაკვალიფიციური უწოდა, სადაც ადვოკატი აფეთქებისას მაღალი ტემპერატურის გამო ასაფეთქებელი ნივთიერების ლითონის ნატეხზე დნმ-ის არსებობას გამორიცხავდა.
„შემთხვევის ადგილიდან ძალიან ბევრი საკვლევი ობიექტია ამოღებული. ის, რაც პროკურატურამ გაამჟღავნა, დანიშნული ექსპერტიზების მხოლოდ რაღაც ეტაპი იყო. დღესდღეობით ექსპერტიზა ისევ გრძელდება, შემდეგ ეტაპზე პროკურატურა ექსპერტიზასთან დაკავშირებულ კიდევ უფრო მეტ მასალას წარმოადგენს და გაამყარებს. ძალიან არაკვალიფიციური განცხადებაა, როდესაც ადვოკატები ამბობენ, რომ მაღალი ტემპერატურის გამო ასაფეთქებელი ნივთიერების დეტალზე შეუძლებელი იქნებოდა დნმ-ის კვალი ყოფილიყოო. აღნიშნული ხელყუმბარის მოქმედების არეალი სულ სხვაა. ეს არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მოქმედების შედეგად ზუსტად ის დეტალი არ ხვდება აფეთქების კერაში, რომელზეც აღმოჩენილი იყო დნმ-ი. დნმ-ი ლითონის ბერკეტიდან ამოიღეს. ეს იყო ბერკეტი, რომელსაც აუცილებლად ხელით უნდა შეეხო, რომ საბრძოლო მოქმედებაში მოვიდეს. ეს ხელყუმბარა ფუგასური მოქმედების ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენს, რომლის მოქმედების პირინციპი დამყარებულია არა თერმულ ელემენტებზე, არამედ ეს არის ბრიზანტული მოქმედების ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც არ იწვის და აფეთქება დეტონაციის საშუალებით ხდება“,- განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.
ექსპერტს არ აქვს ინფორმაცია, თუ ბრალდებულ სოსანაშვილის გარდა კიდევ რამდენ ადამიანს ჩაუტარეს დნმ -ის ანალიზი.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები