საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს

სამომავლოდ შესაძლოა, საატესტაციო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდეს. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტრატეგიული მიმართულების დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია, საუბარია გამოცდების გარკვეულ ოპტიმიზაციაზე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული იდეის დონეზე მუშავდება და წელს ამ კუთხით სიახლეები მოსალოდნელი არ არის.
“ეს არის ის იდეა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სასკოლო გამოცდების და ეროვნული გამოცდების სინთეზი და სკოლის დონეზე ჩატარება, მაგრამ ეს არის ძალიან რთული და მოითხოვს დიდ ლოჯისტიკას. ამიტომ ეს თემა ძალიან კარგად მუშავდება. ჯერჯერობით ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას არ გავაკეთებ, რადგან თემა მომზადებული არ არის. ვფიქრობ, 2015-2016 წლისთვის ძირითადი მონახაზი გვექნება, და თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ დავიწყებთ ნელ-ნელა აპრობაციას”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები