ჯენიფერ ფსაკი: შესაძლოა უკრაინას თავდაცვისთვის იარაღი მიეწოდოს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯენ ფსაკის თქმით, უკრაინისთვის შესაძლოა თავდაცვის მიზნით იარაღის გადაცემა მოხდეს. ფსაკიმ ეს განცხადება 8 თებერვალს, გერმანიის სახელმწიფო საერთაშორისო ტელე-რადიოკომპანია „Deutsche Welle“-სთან ინტერვიუში გააკეთა. ფსაკის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მიზანი – უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაა. ფსაკის აზრით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი – რუსეთის ქმედებების შეცვლა გახლავთ.
ფსაკით სიტყვებით, აშშ-ს, ისევე როგორც გერმანული და ფრანგული მხარეების მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა გახლავთ.
„უკრაინისთვის თავდაცვის მიზნით იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული დისკუსია დიდი დისკუსიის ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იღებს მონაწილეობას. საერთო მიზანი – დიპლომატიური საშუალებებით უკრაინის სუვერენიტეტის და მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება გახლავთ“ – დაამატა ფსაკიმ.
ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოვლენებზე რეაგირების მხრივ – ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ამჟამად საუბარი მიდის საერთო პოზიციის შემუშავებისკენ. ასე იყო რუსეთთან მიმართებაში სანქციების საკითხზეც, ასე ხდება იმ საკითხებთან მიმართებაშიც თუ როგორი დახმარების გაწევა მოხდეს უკრაინისთვის, როგორ იქნას მიღწეული დიპლომატიური გადაწყვეტა – აღნიშნა ფსაკიმ.