ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ რუსეთთან მშვიდობა და ნორმალიზებული ურთიერთობა გვინდა

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და არანაირი პროგრესი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას შევეცადეთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მახსოვს, პრეზიდენტი პუტინი ამბობდა, რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან არ შეეძლო მოლაპარაკება, მაგრამ მთავრობა შეიცვალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო პირდაპირი დიალოგის ფორმატი რუსეთის მთავრობასთან და ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს ვაჩვენეთ, რომ კონსტრუქციული ხალხი და კონსტრუქციული ხელისუფლება ვართ. ჩვენ მშვიდობა და რუსეთთან ნორმალიზებული ურთიერთობა გვინდა, მაგრამ როგორ უნდა აღვადგინოთ ნდობა რუსეთსა და საქართველოს შორის?! ჩვენ ერთმანეთისგან გავაცალკევეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გარკვეულად გაუმჯობესდა, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაძაბულობის განსამუხტად და თუნდაც ტერიტორიების დეოკუპაციაზე საუბრის დასაწყებად მრავალი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა, რაც მიმართული იყო აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების დაწყებისკენ, თუმცა საპასუხოდ, რუსეთმა აფხაზეთთან ე.წ მოკავშირეობის შეთანხმება გააფორმა და მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერას ოსეთთანაც აპირებს.
“რუსეთმა, რა თქმა უნდა, ადეკვატურად არ უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს. სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რა იქნება რუსეთის შემდეგი ქმედება ჩვენთან მიმართებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები