პრემიერი: ჩვენდავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა
ჩვენ ვაჩვენეთ და დავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე ისაუბრა, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარება შესაძლებელია.
“გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ნება, დაგვერეგულირებინა ურთიერთობა რუსეთთან და კარგი მეგობრები გავმხდარიყავით. ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან ჩვენ რუსეთისთვის არანაირი საბაბი არ მიგვიცია, საქართველო რაიმე სახის პროვოკაციაში დაედანაშაულებინა. რუსეთის მხრიდან ჩვენს კონსტრუქციულ და მეგობრულ პოლიტიკას კი იმავე სულისკვეთებით არ უპასუხეს. მათ ააგეს 60 კმ-იანი მავთულხლართების ღობე. ბერლინის კედელი დაინგრა 25 წლის წინ და ახლა, 21-ე საუკუნეში, ჩვენს ტერიტორიაზე ვახდენთ რაღაც გამყოფი ხაზების აღდგენას. მრავალმა ქართულმა ოჯახმა დატოვა სახლ-კარი ამ ბარიერის მიღმა. ეს ჩვენს შორის ნდობას ვერ აღადგენს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი მოახდენდა ყირიმის ანექსიას, თუნდაც იმიტომ, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთმა ფაქტობრივად უკრაინა და უკრაინელები დაკარგა. როგორ უნდა აღადგინო ხალხის და ქვეყნის ნდობა, როცა მათ ტერიტორიას ანექსიას უკეთებ?!”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სესიის მედიატორის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთი რეგიონში წინასწარ ჩაფიქრებულ პოლიტიკას ახორციელებს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ რუსეთის ქმედებები ამაზე მიუთითებს.