ირაკლი ღარიბაშვილი: მეტი ყურადღება ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უკრაინის კრიზისი არ იქნებოდა

უკრაინამდე იყო საქართველო, მაშინ რომ მეტი ყურადღება ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უკრაინის კრიზისი არ იქნებოდა,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში: „უკრაინის მიღმა -გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში.’’
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით უკრაინის კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
პრემიერი მიესალმება ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის ვიზიტს მოსკოვში და მათ ძალისხმევას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესახებ.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგისა აღდგენა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. მისივე თქმით, საქართველომ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა, რასაც რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია.
საერთაშორისო ფორუმის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოხატასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ე.წ მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს საქართველოს გარეშე მომავალი არ გააჩნიათ.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც კარგი მომზადება სჭირდება.
“თუმცა, შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული,”-განაცხადა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია.
სესიაში- „უკრაინის მიღმა-გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ ვუჩიჩი და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი.
ჩვენ ვაჩვენეთ და დავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე ისაუბრა, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარება შესაძლებელია.
“გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ნება, დაგვერეგულირებინა ურთიერთობა რუსეთთან და კარგი მეგობრები გავმხდარიყავით. ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან ჩვენ რუსეთისთვის არანაირი საბაბი არ მიგვიცია, საქართველო რაიმე სახის პროვოკაციაში დაედანაშაულებინა. რუსეთის მხრიდან ჩვენს კონსტრუქციულ და მეგობრულ პოლიტიკას კი იმავე სულისკვეთებით არ უპასუხეს. მათ ააგეს 60 კმ-იანი მავთულხლართების ღობე. ბერლინის კედელი დაინგრა 25 წლის წინ და ახლა, 21-ე საუკუნეში, ჩვენს ტერიტორიაზე ვახდენთ რაღაც გამყოფი ხაზების აღდგენას. მრავალმა ქართულმა ოჯახმა დატოვა სახლ-კარი ამ ბარიერის მიღმა. ეს ჩვენს შორის ნდობას ვერ აღადგენს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი მოახდენდა ყირიმის ანექსიას, თუნდაც იმიტომ, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთმა ფაქტობრივად უკრაინა და უკრაინელები დაკარგა. როგორ უნდა აღადგინო ხალხის და ქვეყნის ნდობა, როცა მათ ტერიტორიას ანექსიას უკეთებ?!”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სესიის მედიატორის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთი რეგიონში წინასწარ ჩაფიქრებულ პოლიტიკას ახორციელებს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ რუსეთის ქმედებები ამაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები