ორგანიზაცია „სიდას“ დირექტორი რეჟისორ გოგა ხაინდრავას პასუხობს

ორგანიზაცია „სიდას“ დირექტორი რეჟისორ გოგა ხაინდრავას პასუხობს. გაზეთი „ვერსია“ დღევანდელ ნომერში ზვიად დევდარიანის ვრცელ განცხადებას აქვეყნებს.
როგორც ზვიად დევდარიანი აცხადებს, შვედურ მხარეს ინფორმაცია გოგა ხაინდრავამ მიაწოდა, რომელიც შვედეთში აქტიურად მართავდა პრესკონფერენციებს და წინა ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატებს აქვეყნებდა.
ზვიად დევდარიანის განმარტებით, მათი ორგანიზაცია შვედური ფულით არ ფინანსდება და ხსენებულ კორუფციულ სქემასთან „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ საერთო არაფერი აქვს.
„პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს შვედურ მხარესთან, თუმცა ზოგიერთი ორგანიზაცია მათგან ფინანსდება. ამ პრობლემის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ივანიშვილის განცხადება ყველამ აღვიქვით მუქარად, რამდენიმე დღეში კი ამას მოჰყვა ხაინდრავას მხრიდან მტკიცებულებების გამოქვეყნება. ხელისუფლება უნდა ინტერესდებოდეს არასამთავრობოების დაფინანსების წყაროებით. ჩვენი დაფინანსება არის გამჭვირვალე და ამის შესახებ ინფორმაციას თავად ვასაჯაროებთ“, – განუცხადა დევდარიანმა „ვერსიას“.
ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ პოლიციის ჩინოსნობა თავისთავად დანაშაული არ არის და ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია, თადარიგში გასვლის შემდეგ შექმნას არასამთავრობო ორგანიზაცია. არეშიძე არც იმას გამორიცხავს, რომ გიგაური, ლომჯარია, კოჟორიძის არასამთავრობოებს არ სცოდნოდათ, საიდან მოდიოდა ეს ფული.
„ჯერ უნდა შესწავლილიყო მთელი პროცესი და გარკვეულიყო ამ ფულის წარმომავლობა. თუ თანხის არამიზნობრივი ხარჯვა არ დადასტურდებოდა, სახელები საერთოდ არ უნდა ეხსენებინათ. უამრავი შემთხვევა არსებობს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, როდესაც ხელისუფლება ინტერესდება მათ ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით. ამ დღეებში ვესაუბრე დიპლომატიური სტრუქტურის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ დაიწყეს პოლიტიკურ ისლამთან დაკავშირებული ორგანიზაციების შემოწმება. ფორმალურად ისინიც არასამთავრობოები არიან. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს აქვთ უფლება, შემოწმდეს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების წყარო“, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები