განამ ფინალის საგზური მასპინძლებთან ომში მოიპოვა
აფრიკის თასის გამარჯვებული 8 თებერვალს გახდება ცნობილი. “შავი კონტინენტის” საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ერთმანეთს კოტ დიუვარი და განა დაუპირისპირდებიან. კოტ დიუვარმა ნახევარფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის გუნდს მოუგო ანგარიშით 3-1.
დაძაბული და სკანდალური გამოდგა მეორე ნახევარფინალი, სადაც განამ დიდი ანგარიშით 3-0 სძლია ტურნირის მასპინძელ ეკვატორულ გვინეას. მას შემდეგ, რაც განელებმა მეტოქეს მესამე ბურთი გაუტანეს, სიტუაცია სტადიონზე უმართავი გახდა. გულშემატკივრებმა ფეხბურთელების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, ხოლო შემდეგ განელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რომლებიც თავის გადასარჩენად სტადიონზე შეცვივდნენ.
85-ე წუთზე თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და მთავარმა მსაჯმა მატჩი შეაჩერა. პოლიციამ, შეძლებისდაგვარად, განმუხტა ვითარება და სტადიონი მასპინძელთა გულშემატკივრებისგან დაცალა. მოედნის თავს გამოჩნდა ვერტმფრენი, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში განელების გასაყვანად მზად იყო. შეხვედრა დაახლოებით 15 წუთის შემდეგ განახლდა და მსაჯმაც შეხვედრა მალევე დაასრულა.