ბრიტანული სპექტაკლის „ნული საათი“ პრემიერა გაიმართა

5 თებერვალს ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამწლიანი მჭიდრო თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბრიტანული სპექტაკლის „ნული საათი“ ქართული ვერსიის პრემიერა გაიმართა. მისი დადგმა საქართველოში წარმოადგენს ბათუმის მუსიკალური ცენტრის, ბათუმის დრამატული თეატრისა და ბრიტანული კომპანია imitating the dog-ის ერთობლივ ნამუშევარს და დღეისათვის ქართულ-ბრიტანული სამწლიანი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. ეს სპექტაკლი არის ბრიტანული ინოვაციური ეკრანიზებული თეატრის ქართული ვერსია, რომელზეც რეჟისორმა გიორგი თავაძემ იმუშავა.
აღნიშნული წარმოდგენა საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ერთგვარად, ფილმის ჩარჩოებში მოქცეული და საყოველთაოდ ცნობილი რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი“ არაჩვეულებრივად ახდენს ცოცხალი წარმოდგენის შერწყმას წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან, და ამ ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.
„ნული საათი“ არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე.
„ამ პრემიერაში ჩვენ წარმოვაჩენთ კომპანია imitating the dog-ის (ITD) ერთგვარ ხელწერას, სავიზიტო ბარათს და რაც ჩვენი ღრმა რწმენით ქართულ აუდიტორიასა და თეატრალებს სრულიად ახალ გამოცდილებას შეძენს. დიდ ეკრანზე უყურებენ ცოცხალ შესრულებას, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის“, – ამბობენ კომპანიის ხელმძღვანელები.
„ნული საათი“ მოგვითხრობს ჩახლართულ ამბავს და გვიჩვენებს, ისტორიის რაღაც მომენტმა თუ წამმა რამდენად განუსაზღვრელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ორომტრიალში ჩათრეულებს. ეს წარმოდგენა ამავდროულად არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი (სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით) და უშუალოდ ახდენს კომპანია imitating the dog-ისთვის დამახასიათებელი ინოვაციური თხრობის დემონსტრირებას.

„ნული საათი“, მისი დადგმა საქართველოში წარმოადგენს კომპანია imitating the dog-ის, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.

რაც შეეხება, უშუალოდ კომპანიას imitating the dog-ს, იგი 1998 წელს შეიქმნა და მას შემდეგ დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

კომპანიას არაჩვეულებრივი გამოხმაურება აქვს პრესაშიც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: „იშვიათი ამბიციისა და გამოგონების ნიჭის მქონე მრავალპლათფორმიანი თეატრის შემქნელები“. – The Guardian-ი.

„თანამედროვე შესრულების სრულიად მომაჯადოებელი, მიმზიდველი და შეუდარებელი ნიმუში“ – Total Theatre. „კომპანია Imitating the dog-ს არც იმიტატორები ჰყავს და არც ანალოგი გააჩნია“. – The Guardian-ი.

„ძალიან იშვიათია, რომ კონფლიქტის ამაოება ასე შთამბეჭდავად იყოს წარმოდგენილი სცენაზე“. – The Stage. „ჩემთვის imitating the dog-ი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველა საინტერესო კომპანიაა“. – Clare Brennan, The Observer-ი.

ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით. ბრიტანეთის საბჭო დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა. სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 6 და 7 თებერვალსაც შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები