დათო ხუჯაძის კონცერტიდან შემოსული თანხა საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება

დღეს, 4 თებერვალს, მსოფლიო თანამეგობრობა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. „კიბო არ რჩება ჩვენს მიღმა, ის ყველას გვეხება“ – ასეთია 2015 წლის მთავარი მესიჯი.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში მომღერალ დათო ხუჯაძესთან ერთად კიბოს კვლევის ცენტრს ესტუმრა, სადაც სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებული ბავშვები მკურნალობენ და სიმბოლური საჩურები გადასცა.
დათო ხუჯაძე 26 თებერვალს რუსთაველის თეატრში გამართავს საქველმოქმედო კონცერტს, რომლის შემოსავლები საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობას მოხმარდება.
„ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, მცირე წვლილი შევიტანო ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის საქმეში. დათო ფორჩხიძესთან და Goofy Land-თან ერთად 26 თებერვლის საქველმოქმედო საღამოს მთლიანად ვუძღვნი იმ კეთილ საქმეს, რომელსაც სოლიდარობის ფონდი უდგას სათავეში და ვფიქრობ, ტრადიციად ვაქციო ყოველწლიურად მსგავსი საქველმოქმედო საღამოების ჩატარება“, – აცხადებს მომღერალი დათო ხუჯაძე.
წელს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდი პირველი უმნიშვნელოვანესი წარმატებით ხვდება. ფონდმა 40 000-ზე მეტი საჯარო მოხელის და 260 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის დახმარებით უკვე გადაჭრა ქვეყნის მასშტაბით 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ფინანსური პრობლემა.
„ფონდში კიდევ უფრო მეტი ჩართულობა საშუალებას მოგვცემს, დავეხმაროთ 22 წელზე უფროს ონკოლოგიურ პაციენტებსაც, რომელთაც ისეთი ძვირად ღირებული მკურნალობა ესაჭიროებათ, როგორიც არის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან ჰერცეპტინი, მაბტერა და სხვა ძვირად ღირებული მედიკამენტები. ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცნობილი ადამიანების თანადგომას და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დათო ხუჯაძეს, რომ შემოგვიერთდა“, – აცხადებს მარიამ ჯაში.
ინფორმაციისთვის – 4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდში, საერთო ჯამში, 59 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება 1,370,000 ლარით დამტკიცდა. ფონდის მხარდაჭერით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის განსაკუთრებით ძვირად ღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები