ეკა ბესელია: მე ვიხდი “რუსთავი-2” -ის ნაცვლად ბოდიშს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. როგორც ეკა ბესელიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ძალიან ბევრი კითხვა დატოვა გადაცემაში სტუმრად მოწვეულმა ლევან გაბუნიამ, რომელმაც ზურა და იური ვაზაგაშვილებს კრიმინალები უწოდა.
“მე არ ვიცი მერამდენედ მოუკლეს შვილი ზურა ვაზაგაშვილის დედას და მერამდენედ მოკლეს ახლა ერთი უდანაშაულო ადამიანი იური ვაზაგაშვილი, რადგან ის შეურაცხყოფები, რომელსაც ისმენდა ახლა საზოგადოება, არის მძიმედ მოსასმენი. არსებობს ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მორალური ჩარჩოები არსებობს, რომელსაც გადაცემები და მედია უნდა ითვალისწინებდეს. მე ვიხდი თქვენს მაგივრად ბოდიშს. ვინმე არ უნდა მოიწვიოთ. არ შეიძლება, ყველაფერი გამოხატო ადამიანმა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ფაქტები, რაზეც ლევან გაბუნია საუბრობდა, არის გამოსაძიებელი. დეპუტატმა პროკურატურას ამ საქმის შესწავლისკენ მოუწოდა. “ზურაბ ვაზაგაშვილს ყველაფერს აბრალებდნენ, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა. ეს თუ ასე იყო, რატომ არ დააკავშირეს ეს ორი საქმე ერთმანეთთან? მოვუწოდებ პროკურატურას, შეისწავლოს ეს საქმე,” – განაცხადა ეკა ბესელიამ, რომლის ამ განცხადებაზე, წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დეპუტატს მიმართა, რომ ,,რუსთავის 2“-ის მაგივრად ნუ მოიხდიდა ბოდიშს, რადგან ლევან გაბუნია ისეთივე შვილმკვდარი მამაა, როგორიც იყო იური ვაზაგაშვილი. “ქალბატონო ეკა, ნუ მოიხდით ჩვენს მაგივრად ბოდიშს. მესმის, რომ მძიმეა ეს განცხადებები, მაგრამ ამ ადამიანმა მისი გარდაცვლილი შვილის საქმეზე ისაუბრა, ის ისეთივე შვილმკვდარი მამაა, როგორც იური ვაზაგაშვილი. ვაზაგაშვილების საქმე იმიტომ არის გახმაურებული, რომ ისინი ამაზე აქტიურად საუბრობდნენ. მე არ მესმის, რატომ არ უნდა მივცეთ ლევან გაბუნიას განცხადებების გაკეთების საშუალება და რატომ უნდა მოვიხადოთ ამის გულისთვის ბოდიში”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.