ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდა

თბილისის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდა, რასაც საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. საკრებულოს სხდომაზე განსახორციელებელ ცვლილებებზე საკითხი საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ წარადგინა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, ამხანაგობების დაფინანსების წესში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ამხანაგობების პროცენტული მონაწილეობა იკლებს მინიმუმ 5% და მაქსიმუმ 25%-ით სხვადასხვა პროგრამაში. მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მოსახლეობას, უფრო მეტად ჩაერთონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიზნით არსებულ პროექტებში. კერძოდ, გაამაგრონ კედლები, შეაკეთონ სახურავები, გააკეთონ სხვადასხვა სახის პროექტები. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თბილისის მერია საკრებულოში ასევე წარადგენს ახალ პროექტს, რომელიც უშუალოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. კერძოდ, მოსახლეობა გაიგებს, რა არის ამხანაგობა, როგორ უნდა შეიქმნას ის, როგორ უნდა მართონ საერთო საკუთრება და ა.შ. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან ამხანაგობა არის უპირველესი დონის თვითმმართველობა, სადაც ადამიანები სწავლობენ საერთო საკუთრების ერთად მოვლა-პატრონობას, საერთო წესების დაწესებას და ამ წესების შესრულებას”, – აღნიშნა საბურთალოს რაიონის გამგებელმა. მისივე ინფორმაციით, ცვლილებების განსახორციელებლად თბილისის მერიაში სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელიც ამ საკითხებზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. ჯგუფს თბილისის მერის მოადგილე გია სოლომონია ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფის მიერ ასევე მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელსაც უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაუგზავნიან. ეს საკანონმდებლო ინიციატივები ძირითადად ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წესდებაში ცვლილებებს და სხვა საკითხებს. როგორც ბექა მიქაუტაძემ განმარტა, დღეისათვის თბილისის მერიაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისათვის 19 პროგრამა არსებობს და მას კიდევ დაემატება სამი ახალი პროგრამა, მთლიანობაში კი 22 პროგრამა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები