მანავის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წყალი ჩამოდის – მრევლი დახმარებას ითხოვს (ფოტოკოლაჟი)
სოფელ მანავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ისტორიულ ტაძარში წყალი ჩამოდის, რის შედეგადაც ტაძრის კედლები უკვე მნიშვნელოვნად დაზიანდა.
„კვირასთან“ საუბრისას მანავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი (ბურდული) ამბობს, რომ მანავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ისტორიულ ტაძარს რეაბილიტაცია დაახლოებით შვიდი წლის წინ ჩაუტარდა და კრამიტით გადაიხურა, თუმცა ნალექის დროს ტაძრის კედლები სველდება.
მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობას ჰქონდა მცდელობა საკუთარი ძალებით მოეგვარებინა პრობლემა, თუმცა კულტურის სამინისტროსგან მათ მიიღეს გაფრთხილება, რომ საკუთარი ინიციატივით ისტორიულ ძეგლს ნუ შეეხებიან.
მამა დავითი და სოფელ მანავის მოსახლეობა სამინისტროს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში შესაძლოა სავალალო შედეგი დადგეს.
“სოფელ მანავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ისტორიულ ტაძარში წყალი ჩამოდის, რის გამოც ტაძრის კედლები მნიშვნელოვნად დაზიანდა. წლების წინ ტაძარს გარკვეული სახის სამუშაოები ჩაუტარდა, კრამიტი გამოიცვალა, თუმცა წყალი მაინც ჩამოდის. ამ ტაძარში თვეში ერთხელ პარაკლისს ვატარებთ, რამდენჯერმე წირვაც აღვავლინეთ. მთელი სოფლის თხოვნაა დროულად მოახდინოს რეგირება კულტურის სამინისტრომ, რათა გაცილები სავალალო შედეგები არ მივიღოთ“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას მამა დავითმა.
მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფთიმის აუშენებია. ამაზე მოგვითხრობდა ვრცელი სამშენებლო წარწერა. იგი დღემდე შემორჩენილი არ არის, თუმცა, გამოქვეყნებულია ლ. მელიქსეთ-ბეგის მიერ. წარწერა ასე იკითხებოდა: „„დროსა … მეფის ირაკლი მეორისას, მოწყალებით ქრისტე ღმრთისად, აღუაშენე დედისა, ღმრთისა შობისა წმინდა ეკლესია მრავალ მთის მონასტრის … ადგილს შინა, ნათლიმცემლის არხიმანდრიტმან მეფისა … ქრისტეს აქეთ ჩღ(დ) და ქართულისა ქორონიკონსა უპბ“. არქიმანდრიტი ეფთიმი აქ 1774-1798 წლებში მოღვაწეობდა. ამავე პერიოდში თავსდება მანავის ეკლესიის აგების თარიღიც – 1794 წელი. ეკლესიას 2008 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის დაქვემდებარებაშია.