ფირცხალავა ნარკომოვაჭრის გადარჩენას ცდილობდა?! – ვინ იქნება ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე
ედუარდ სინდოიანი ის სავარაუდო მოწმეა, რომლის გამოჩენის თაობაზე იური ვაზაგაშვილი სიცოცხლის ბოლო დღეებში ლაპარაკობდა – ამის შესახებ “კვირის პალიტრა“ წერს.
“კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთი ვერსიით, სოდ – ის თანამშრომლებს, რომლებმაც ფირცხალავას ძმა დააკავეს, ვარკეთილში სწორედ ის ნარკომოვაჭრე უნდა აეყვანათ, რომელიც მას წამლით ამარაგებდა. იმასაც ამბობენ, ამ ნარკობარიგას ირაკლი ფირცხალავა და ძალოვანთა ერთი ჯგუფი მფარველობდა და მუშაობის უფლებას აძლევდა.
ერთ- ერთი ვერსიით, 2006 მაისს სოდ-ის ოპერაციის ფარგლებში, მას უნდა შეხვედროდა ალექსანდრე ხუბულოვი, რომელიც პროკურატურამ იმ პირად დაასახელა, რომელმაც სოდ-ს ირაკლი ფირცხალავას ძმის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მოკლედ, სპეცოპერაცია სოდ-ს დაგეგმილი ჰქონდა. ეს შეიტყო ირაკლი ფირცხალავამ, დაასწრო მათ და ნარკობარიგა რომ გადაერჩინა, ამისთვის ეს ნაჩქარევი სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა. სოდ-ის ოპერაცია მომხდარის შემდეგ ჩაიშალა. რამდენად აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება, ეს ძალოვნების გასარკვევია“,- წერს “კვირის პალიტრა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების ერთ ნაწილში ვკითხულობთ: “საჭირო იყო პირი, რომელიც “დააგვირგვინებდა” ვერსიას ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაზე და აღიარებდა დანაშაულის ჩადენას. ამ მიზნით, 2006 წლის 3 ივნისს, გიორგი ცააძემ აიძულა ედუარდ სინდოიანი, ეთქვა, თითქოსდა, ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა თანამზარხველებთან – ვაზაგაშვილთან, ხუბულოვთან და ფუთურიძესთან ერთად, მოხდა ფარული აუდიო – ვიდეო ჩაწერა და მიღებული მასალები მტკიცებულებად დაერთო საქმეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის მომზადების მტკიცებულება“,-აღნიშნავენ პროკურატურაში.