“ოცნება” ვადამდელი არჩევნების დასანიშნად საბაბს ეძებს”

ყოფილ პრემიერს 2016 წლის შემოდგომის ნაცვლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ვადაზე ადრე, ამ ოქტომბრისათვის სურს და პარტიას ამისათვის ამზადებს, ამის შესახებ ხელისუფლებასთან დაახლოებული კონფიდენციალური წყარო “მთელ კვირასთან” საუბრობს.

პარტია “ქართულმა ოცნებამ” 4-კაციანი ჯგუფებით რეგიონული ორგანიზაციების რევიზია დაასრულა და მას შემდეგ, რაც გაანალიზდება, რამდენად ძლიერია პარტია რეგიონებში, გადაწყდება, აწყობს თუ არა კოალიციას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ასევე გადაწყდება ისიც, საკუთარი გუნდის გადასარჩენად გააქტიურდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში პარტიის სათავეში დაბრუნებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, თავად კოალიციის წევრების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია, რადგან შიშობენ, რომ შესაძლოა, მომავალ არჩევნებში პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდნენ და ამიტომაც დეპუტატის მანდატი ერთი წლით ადრე არ ეთმობათ.

ჯერ მხოლოდ იმის განხილვა მიდის, რა მექანიზმებით უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. როგორც ჩვენთან საუბრისას წყარო აცხადებს, განიხილება ორი შესაძლებლობა – მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება და ხალხის ქუჩაში გამოყვანა.

“ამის სამართლებრივი მექანიზმი მხოლოდ მთავრობის სამჯერ ჩაგდებაა და ახლა ერთი მინისტრიც რომ შეიცვალოს, პარლამენტის მიერ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება უნდა მოხდეს. თუკი პარლამენტმა მთავრობა სამჯერ ჩააგდო, პრეზიდენტი კონსტიტუციურად ვალდებულია, პარლამენტი დაითხოვოს.

“მეორე გზად განიხილება ხალხის ქუჩაში გამოყვანა. მიზეზი ინფლაცია, სოციალური უკმაყოფილება, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ თამაშში პრეზიდენტის აყოლაა საჭირო და პრეზიდენტის თანხმობის იმედი დიდად არ აქვთ…

“ღარიბაშვილის გადაყენება არ იგეგმება. იგეგმება პარტიის მდგომარეობის დიაგნოსტიკა და როცა გაირკვევა რა მდგომარაობაშია, ივანიშვილი მერე გადაწყვეტს დაბრუნებას ან გააქტიურებას, ან იმას, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს თუ არა.

“რეგიონებს დავით საგანელიძე კურირებს ისევ, ოღონდ ახლა მას დაემატა გია ვოლსკიც და ძალიან აქტიურობს. მან დააკომპლექტა საპარლამენტო შემადგენლობები, თუ რომელი დეპუტატი რომელ რაიონში გაეგზავნა პარტიის რევიზიისათვის. ყველა რეგიონში პარტიიდან 4-კაციანი შემადგენლობა იყო მივლინებული, მათ შორის როგორც დეპუტატები, ისე პარტიის წევრები. ოღონდ დეპუტატები არა თავის, არამედ სხვა სამაჟორიტარო ოლქში.

“მაგალითად, მანანა კობახიძე იყო ქვემო იმერეთში, ტრიპოლსკი – ტყიბულში, ვოლსკი – აჭარაში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ჩაფიძე – მარტვილში და ა.შ. იქ ხვდებოდნენ გუბერნატორს, გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, პარტიულ აქტივს და ადგენდნენ ზოგად დასკვნებს – დიაგნოსტირებას იმისა, რა ძალებით არის პარტია “ქართული ოცნება” წარმოდგენილი, რა მდგომარეობაა რეგიონებში, რათა ოქტომბერში არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მზად იყოს პარტია.

“პარტიაში არჩევნებიც ჩატარდება, იგეგმება პარტიის თავმჯდომარეების გადახალისება და ახალი სახეების მოზიდვა”, – ამბობს “მთელი კვირის” წყარო.

მისი თქმით, წინასწარი გამოთვლით, ოცნებას 40-45%-იანი მხარდაჭერა აქვს რეგიონებში, “ნაციონალებს” კი – 15-20%.

“თუ კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა…”

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს, მაგრამ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

“თუ პროცესები ისე განვითარდა, რომ ეს აუცილებლობა დადგება, ამაში კატასტროფული არაფერია, თუმცა, არ იქნებოდა კარგი,” – განაცხადა ივანიშვილმა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემის განხილვას საპარლამენტო უმრავლესობაშიც უარყოფენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვადამდელი არჩევნების განხლვა პარტიაში არ ყოფილა.

“ამ ეტაპზე არ იგეგმება. ზოგადად ვიტყოდი, რომ ერთხელ მაინც უნდა მივიდეთ არჩევნებამდე ისე, რომ რყევები არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი თვლის, რომ სამართლიანობა არ აღდგა, რომ არის პრობლემები, არიან უყმაყოფილოები იმით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მაღალი პროცენტით არის წარმოდგენილი პარლამენტში და ეს რეალობას, საზოგადოებრივ განწყობას არ ასახავს.

“ეს საზოგადოებაში წუხილს იწვევს და ეს მესმის, ამით კმაყოფილი არც მე ვარ. ეს ყველაფერი ვადამდელი არჩევნების მოლოდინს და სურვილს აჩენს, მაგრამ ქვეყანაში სტაბლურობისთვის სჯობს კონსტიტუციით არსებული ვადა ამოიწუროს.

“თუმცა, ისიცაა, რომ ვადამდელი არჩევნები დალაგებულ ქვეყნებშიც ტარდება, მაგალითად, შვედეთში დაინიშნა. თუ კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა, აქაც არ იქნება პრობლემა. ეს არ იქნება განსაკუთრებული გამოწვევა ქვეყნისთვის, ამასაც გავუმკლავდებით,” – აღნიშნავს კობახიძე.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების ვისაც უნდა ეშინოდეს და ვისაც მართლა ძალიან ეშინია, ეს “ნაციონალური მოძრაობაა”, რადგან ისინი ამ რაოდენობით პარლამენტში ვერ შევლენ.

“ის, ვისაც ვადამდელი არჩევნების ეშინია და აკანკალებთ, პირველ რიგში “ნაციონალური მოძრაობაა”, იმიტომ, რომ მათ იციან – სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების პირობებში ძალიან მნიშვნელოვან ხმათა რაოდენობას დაკარგავენ და ვინც დღეს არის წარმოდგენილი, მათი უმეტესობა პარლამეტში ვერ მოხვდება.

“აგერ, რუსთაველზე აქცია იყო და არასაპარლამენტო ოპოზიცია სწორედ დამნაშავეთა დასჯას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა. ისინი ამას გვთხოვდნენ ხელისუფლებას, მაგრამ სწორედ “ნაციონალების” დროინდელი რეჟიმის წინააღმდეგაა მიმართული.

რეგიონებში ვიყავით გასულები და იქ ვნახეთ, “ნაციონალების” მიმართ როგორი მიუღებლობა აქვს საზოგადოებას და მათ მიმართ რადიკალური ზომების გატარებას ითხოვენ,” – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, რეგიონებში პარტიების გარკვეული ანალიზი გაკეთდა, მაგრამ ეს გააქტიურება არ მომხდარა იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვს ემზადებიან.

“ზოგადად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ყოველთვის მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის და არ უნდა მოდუნდეს. კარგად ორგანიზებული უნდა იყოს და ვადამდელი არჩევნების არ უნდა შეეშინდეს. თუკი რამდენიმე ხანში ვადამდელი არჩევნების რეალობის წინაშე დავდგებით, პარტიამ მუდმივი, ერთგული, აქტიური მხარდამჭერების მობილიზება უნდა შეძლოს და ვფიქრობთ, ჩვენი გუნდი ძლიერად შეძლებს გაუმკლავდეს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რაც შეიძლება პარტიის ან ხელისუფლების წინაშე იდგეს,” – მიიჩნევს კობახიძე.

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის თქმით, ვადამდელ არჩევნებს კონსტიტუციური საფუძელი უნდა ჰქონდეს და ამ საფუძველს დღეს ვერ ხედავს.

“არჩევნები ჩვენს დასავლურ პერსპექტივასთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენი ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ოქტომბერში კი არა თუნდაც ერთ თვეში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

“ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, იგივე აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა ჩაეტიოს ვადებში და ყველაფერი უნდა მოხდეს დროულად. მეც ამავე აზრს ვიზიარებ, რადგან ახლა სწრაფად არჩევნების ჩატარება და პარლამენტში პრორუსული ძალების შემოყრა მხოლოდ რუსეთს და მის სპეცსამსახურებს აძლევს ხელს.

“ჩვენ წინ გვაქვს რიგის სამიტი, სადაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გზა იხსნება. ამის შემდეგ კი საქართველოს პერსპექტივის შებრუნება შეუძლებელი იქნება. ამის შემდეგ სულ სხვა ტიპის არჩევნები გაიმართება,” – ამბობს ჩაფიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი დეპუტატთაგან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. მისი თქმით, თუ გვინდა, რომ საქართველო სიმშვიდისკენ წავიდეს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

“შეიძლება ამის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან სანამ “ნაციონალები” პარლამენტში არიან, საქართველო ვერ დამშვიდდება. “ნაციონალებმა” 40% გაყალბებით აიღეს, მათ მაშინაც 10%-ზე მეტი არ ჰქონდათ და ამიტომ ისინი პარლამენტში არ უნდა იყვნენ”, – აღნიშნავს ჯაჭვლიანი.

რა სჯობს “ოცნებისათვის”

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვადამდელი არჩევნების განხილვა იყო და ამისათვის ხელისუფლებას სწრაფი ტემპით მზადებაც დაწყებული აქვს.

“ის, რომ მაინცდამაინც 2015 წელს ჩატარდება არჩევნები, ეს გადაწყვეტილი არ არის. საუბარია, თუ დასჭირდათ, მზად რომ იყვნენ,” – განმარტავს ლაგაზიძე.

ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ორი რამის თანხვედრის შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს. ესაა რეიტინგის განუხრელი ვარდნა და ამავდროულად ისეთი პოლიტიკური ძალის შემოსვლა, რომელიც თავისუფალ საარჩევნო ხმებს შემოიკრებს. სხვა შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს.

“მარტო რეიტინგის ვარდნა არ შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიზეზად განვიხილოთ. დღეს ოპოზიცია სუსტია და რა დროსაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, პირველ ადგილზე ისევ “ქართული ოცნება” გავა. პარლამენტში “ნაციონალებიც” შევლენ, მაგრამ გაცილებით ნაკლები ხმებით, ვიდრე დღეს აქვთ.

“პარლამენტში ასევე მოხვდებიან ბურჯანაძე, ინაშვილი და ალბათ “დემოკრატებიც”. არც ერთ პარტიას არ ექნება იმგვარი წარმომადგენლობა, რომ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში შეეწილონ. ხოლო თუკი სხვა ახალი პარტია გამოჩნდება, ისეთი, რომელიც “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში შეეწილება, ვადამდელ არჩევნებს მაშინ ექნება აზრი. ასეთი ძალა კი 2016 წლისთვისაც კი არ მეგულება,” – ამბობს ლაგაზიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ რადგან ახლა ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, ვადამდელი არჩევნებისათვის ერთი გზა რჩება – პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა უნდა გამოუცხადოს.

“მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედის შეცვლის შემდეგ მთავრობა პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად მიდის. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, მაგრამ ამავდროულად ვერ შეძლებს თავისი მთავრობის შექმნას, პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტი დაითხოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, დეპუტატთა 2/5-საც შეუძლია დასვას მთავრობის უნდობლობის საკითხი,” – განმარტავს ძაბირაძე.

მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, ხდება თუ არა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის განხილვა ხელისუფლებაში, მაგრამ ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესები ისე მიდის, რომ ეს აუცილებელია.

“თუ არ გვინდა მომავალ წელს მკვეთრი დაპირისპირება მივიღოთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წელს უნდა ჩატარდეს. ეს სჭირდება ქვეყანას, რადგან ეჭვი მაქვს, რომ მომდევნო წელს ძალიან რთული ვითარება იქნება და მეშინია, ამან დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს. წელს კი დესტაბილიზაციის საფრთხე ნაკლებია. ხელისუფლებაც მოიგებს 4-წლიან პერიოდს და თუ მას რეალური ძვრების განხორციელების გეგმა აქვს, ნდობის ახალ მანდატს მიიღებს,” – ამბობს ძაბირაძე.

მისი თვალსაზრისით, მომავალი წლისათვის ხელისუფლება იმდენად დაკარგავს რეიტინგს, რომ თუ ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდება, მას არჩევნების გაყალბება მოუწევს.

ვახტანგ ძაბირაძე: “ოცნებას” 2016 წლის ნოემბერში გაცილებით ნაკლები ნდობა ექნება, ვიდრე წელს აქვს. პროცესები აქეთკენ მიდის. დღეს ვერანაირ მექანიზმს ვერ ვხედავ, რომ ორი წლის გამავლობაში “ქართულმა ოცნებამ” რეიტინგის სტაბილურად შენარჩუნება შეძლოს. ასეთი რესურსი მათ აღარ აქვთ. ძალიან ბევრი პრობლემაა ერთად.

“სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” ეს ორი წელი “ნაციონალებთან” პაექრობას მოანდომა და ძირითადად ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო.

“ბევრი რამ ვერ მოესწრება, იქნება ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიც, ვერ მოესწრება დემოკრატიული მიმართულებით რეფორმები. ეს პრობლემები დღესაც არის, მაგრამ უფრო დამძიმდება და უფრო ნეგატიურისკენ წავა პროცესი და არა პირიქით. ამ შემოდგომაზე კი რეიტინგი ჯერ ისევ ექნება. ამის რესურსი აქვს.

“კოალიციას რებრენდინგი სჭირდება და ის, რომ მისი რიგები კიდევ რომელიმე პარტიამ არ დატოვოს. კოალიციის შენარჩუნება უნდა შეძლოს და გადაასხვაფეროს. მართალია, შესაძლოა წელსაც წააგონ არჩევნები, მაგრამ ასეთ სისულელეს ალბათ არ გააკეთებენ”.

ძაბირაძის თქმით, პრობლემა ისაა, რომ დღესდღეობით “ოცნების” გარდა არ ჩანს ძალა, რომელსაც მხარდაჭერა ექნება. ხოლო რადგანაც ახალი, ძლიერი ძალა არ ჩანს და თუ წელსაც არ დაინიშნა არჩევნები, ისეთი საზოგადოებრივი ფონი იქმნება, მომავალ წელს სრულ ქაოსს მივიღებთ. ასეთი ქაოსი კი დესტაბილიზაციას იწვევს.

წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=23493

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები