გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პაატა იმნაძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს
საქართველოში ამ სეზონზე გრიპის ვირუსის ცალკეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, თუმცა საერთო ფონი მშვიდია, – ამის შესახებ “კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
იმნაძე აცხადებს, რომ ვირუსის გააქტიურება თებერვალშია მოსალოდნელი, თუმცა, მისივე თქმით, ეს წელი ვირუსული ინფექციების მხრივ, წინა წლებთან შედარებით, მშვიდად დაიწყო. “B ტიპის ვირუსების ცალკეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა თუმცა, საერთო ფონი საგანგაშო ნამდვილად არაა, ვირუსული შემთხვევების სიმცირე გარკვეულწილად შედარებით თბილი ამინდებითაცაა განპირობებული.
გრიპის ვირუსზე აცრები ჩატარდა ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, აიცრნენ დიალიზზე მყოფი პაციენტები, ექიმების გარკვეული რაოდენობა და რისკ-ფაქტორის ჯგუფში მყოფი პირები”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. გრიპისგან თავის დაცვის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ხელების ხშირად დაბანას ურჩევს.
ცნობისთის, გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას ააქვს უნარი დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.
სეზონურ ეპიდემიებთან ერთად, გრიპის ახალი ქვეტიპის აღმოცენებისთანავე შესაძლებელია გრიპის პანდემიის დაწყება. გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ რომ ავად არიან, რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში.
როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი – გამოიწვიოს ლეტალური შედეგიც კი.